TikTok-ის შემქმნელი კომპანია ციფრულ ბანკს დააარსებს
TikTok-ის შემქმნელი კომპანია ციფრულ ბანკს დააარსებს
Financial Times-ის ცნობით, TikTok-ის მფლობელი კომპანია, ByteDance ფინტექის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩინური კომპანია სინგაპურში დაფუძნებული ლის ბიზნეს ოჯახთან დაახლოებულ საინვესტიციო ჯგუფთან გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ლი სინგაპურის ერთ-ერთ ცნობილ კორპორატიულ ოჯახს წარმოადგენს, რომელსაც ლი კონგ ჩიანი უძღვება — იგი OCBC ბანკის დამფუძნებელ მამადაც ითვლება. ოჯახი რამდენიმე ბიზნესს ფლობს, რომლის რიცხვშიცაა Lee Rubber Group, მისი რამდენიმე წევრი კი სახელმწიფო უწყებებთანაა ახლო კავშირში. FT-ის ანგარიშის მიხედვით, სინგაპურის გავლენიან ოჯახთან ByteDance-ის თანამშრომლობა კომპანიისადმი ნდობის ზრდას გამოიწვევს.

ByteDance სინგაპურში ვირტუალური საბანკო ლიცენზიის მიღების ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა. კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი ციფრული საბანკო ოპერაციების განხორციელების უფლების მიღებაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ByteDance კორპორატიული კლიენტებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევას შეძლებს. ლის ოჯახის განმარტებით, მათ მფლობელობაში მყოფი არცერთი ორგანიზაცია ამჟამად ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული არაა.

ByteDance ვირტუალური ბანკის ლიცენზიის მოპოვებით ჰონგ-კონგშიც დაინტერესდა, სადაც ის უკვე მიიღეს კომპანიის ისეთმა კონკურენტებმა, როგორებიც არიან Ant Financial და Tencent. აღნიშნული კომპანიები ლიცენზიის მიღების შედეგად აქტიურად თანამშრომლობენ კონტინენტალური ჩინეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანკებთან. Financial Times-ის მონაცემებით, ByteDance საკუთარი საქმიანობის სფეროს გაფართოების პოტენციალს სინგაპურში ხედავს. ამასთან, ByteDance-ის ციფრული ბანკინგის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ახალი არაა. 2018 წლის ბოლოს ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ერთდროულად რამდენიმე სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, რომელთა შორის იყო Zijefu (ინგლისურად BytePay) და Qingli და Wuxian. South China Morning Post-ის ცნობით, აქედან ორი სავაჭრო ნიშნის ქვეშ მცირე საკრედიტო პროდუქტებია წარმოდგენილი. კომპანიის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ნიშანი კი კომერციული სადაზღვევო და ფინანსური მომსმახურების კატეგორიას განეკუთვნება.

Wall Street Journal-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ კომპანიამ რამდენიმე ახალი აპლიკაცია გამოუშვა, საიდანაც ერთ-ერთი ფინანსური მომსახურების ტიპისაა, ხოლო მაისის თვეში ByteDance-მა პეკინში დაფუძნებულ ერთ-ერთ სტარტაპში, სახელად
Lingxi, $6,2-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. სტარტაპი ხელოვნურ ინტელექტს ისეთ ფინანსურ სერვისებში იყენებს, როგორებიცაა ვალდებულების შეგროვება და სადაზღვევო პაკეტის გაყიდვა. ByteDance ყურადღებით აკვირდება ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორებიც არიან Alibaba და Tencent, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ საქმიანობას სხვადასხვა სეგმენტში აფართოებდნენ — იქნებოდა ეს ელექტრონული კომერცია, გართობა თუ ფინანსური მომსახურება.
ByteDance ამჟამად ინდოეთსა და ინდონეზიაში საკუთარი მუსიკალური სერვისის ტესტირებითაა დაკავებული, ხოლო ჩინეთში კომპანიამ ვიდეოთამაშების დეველოპერები დაიქირავა და შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ByteDance-ის აპლიკაცია TikTok-მა საკუთარი მარტივი ინტერფეისითა და სახალისო ვიდეომასალით ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად ქცევა მოახერხა. Sensor Tower Store Intelligence-ის მონაცემებით, აპრილში TikTok-ის გადმოწერების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ცალკეული აპლიკაციის გადმოწერების რაოდენობით 2020 წლის პირველ კვარტალში TikTok-მა 315 მილიონი ინსტალაციით ყველა რეკორდი მოხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ByteDance-ს TikTok-ის აპლიკაციიდან ვიცნობთ, 2020 წელს კომპანიამ 20 ახალი აპლიკაცია გამოუშვა. CB Insight-ის მონაცემებით, ByteDance-ის წარმატების საიდუმლო მათი რეკომენდაციების ალგორითმს უკავშირდება და უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაა, ვიდრე კონტენტის ავტორი. მომხმარებლების და მათი ინტერესების შესახებ უდიდესი ინფორმაციის ფლობით TikTok-ის ალგორითმები ადამიანებს მრავალი ისეთი მოულოდნელი თემისკენ მიმართავს, როგორიც ფინანსური მომსახურებაა.

CBNC-ს ცნობით, TikTok-ის ფინანსური მრჩევლების გუნდი სწრაფად იზრდება, რადგან ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად მიმართავენ აპლიკაციას პანდემიით გამოწვეული რეცესიის გადასატანად. ივნისის შუა რიცხვებში TikTok-ზე ჰეშთეგმა #investing 278.1 მილიონი ნახვა დააგროვა. ამასთან, თუ ამ ჰეშთეგის რამდენიმე სხვა ვარიაციას გავითვალისწინებთ (#investingtips #realestateinvesting და #investing101), მაშინ ნახვების რიცხვი დამატებით რამდენიმე მილიონით იზრდება.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები