უფროსი თაობის ადაპტაცია ციფრულ სერვისებთან
უფროსი თაობის ადაპტაცია ციფრულ სერვისებთან
Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ უფროს თაობაში ციფრული ფინანსური სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამ ჯგუფს ფეიფალის მიერ შედგენილ ანგარიშში Silver Tech-ის სახელით მოიხსენიებენ. ვინაიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ადამიანებს სავაჭრო ობიექტებსა და ბანკებში მისვლის შესაძლებლობას ართმევს, საჭირო ხდება წარმოქმნილი სიცარიელის ციფრული სერვისებით შევსება.

ფეიფალის მონაცემებით, მარტი-აპრილის პერიოდში 50 წელს გადაცილებული მომხმარებლები ყველაზე სწრაფად მზარდ სეგმენტს წარმოადგენდნენ, რამაც კომპანია ტრანზაქციების პანდემიამდელ მაჩვენებელზე დააბრუნა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ზრდა გამოწვეულია იმით, რომ უფროსი თაობის მომხმარებლებმა მკაცრი შეზღუდვები ახალი გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს — მათ მეგობრებთან ფულის გაგზავნის და ონლაინ შოპინგის სფეროში ძალების მოსინჯვა დაიწყეს.

საინტერესოა, რომ მსგავსი ტენდენცია ონლაინ და მობაილ ბანკინგის შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ერთ-ერთი ბანკის განცხადებით, მობაილ და ინტერნეტ ბანკინგს 55 წელს გადაცილებული მომხმარებლების მხოლოდ მესამედი იყენებს. პანდემიის დაწყების მომენტიდან კი ციფრული ბანკინგით ამავე სეგმენტის მომხმარებელთა მხოლოდ 0.5%-მა ისარგებლა.
უფროსი თაობის ორი მესამედი, რომელიც არ სარგებლობს ბანკის ციფრული სერვისებით, უსაფრთხოების საკითხზე ღელავს, მაშინ, როცა მომხმარებლების ამავე ჯგუფის მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ სერვისებით სარგებლობა მათ, უბრალოდ, არ დასჭირვებიათ.


წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები