უკან TransferWise-ის გამოცდილება DataFest-ზე

BOG Fintech-ის მხარდაჭერით, 7-9 ნოემბერს, თბილისში გაიმართა კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი, Data Fest თბილისი . საქართველოს ბანკის პრიორიტეტია რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება და ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ხელშეწყობა. ღია ბანკინგის კონცეფცია სრულიად არის დაყრდნობილი მონაცემებზე და მათი ორგანიზების პრინციპებზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბანკმა ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც Data Fest თბილისია.

მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ჩატარებულ კონფერენციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის 400 -მდე მონაწილე. ფესტივალის ფარგლებში თბილისს სტუმრობდნენ სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Facebook, Amazon, Google, Transferwise, Zalando და სხვა.

Data Fest -ი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობენ, ან დაინტერესებულნი არიან, მონაცემთა დამუშავების ახალი შესაძლებლობებით.

წლევანდელი ფესტივალის ძირითად თემებს შორის, იყო ფინტექიც. ამ მიმართულებაში ძალიან საინტერესო იყო, ესტონელი სპიკერის, ედგარ ილვესის მოხსენება, რომელიც კომპანია Transferwise -ის დაფუძნების ისტორიას და მისი მუშაობის სპეციფიკას შეეხო.

„Transferwise -ის ისტორია, მისი შემქმნელების, კრისტო კეერმანი და ტაავეტ ჰინრიკუსის საერთო პრობლემის გადაჭრის გზების ძიებით დაიწყო. ტაავეტი და კრისტო, ორივე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ტაავეტს ანაზღაურება ევროთი ერიცხებოდა, ხოლო - კრისტოს, რომელსაც საბანკო კრედიტი ესტონეთში ჰქონდა აღებული, ფუნტ სტერლინგით. ამ უკანასკნელს, ყოველი გადახდისას, უწევდა ფუნტ სტერლინგის ევროზე გადაცვლა. ტაავეტს კი , თავის მხრივ, ფუნტები ესაჭიროებოდა. ბანკში ვალუტის გადაცვლისას, საბანკო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო და მეგობრებმა გადაწყვიტეს, დაზოგვის მიზნით, ფული ერთმანეთში გაეცვალათ. მას შემდეგ რაც მათ საკუთარი პრობლემა საკმაოდ მარტივად გადაჭრეს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ სხვა ბევრ ადამიანსაც ექმნებოდა მსგავსი პრობლემა და შექმნეს ფორუმი, სადაც ხალხს შესაძლებლობა ეძლეოდა ფული ერთმანეთში გაეცვლა. ფორუმის შექმნამ აჩვენა, რომ ეს პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და მალე ფორუმი კომპანია TransferWise-ად გარდაიქმნა.

კომპანია TransferWise უკვე შვიდი წელია არსებობს და მისი საშუალებით ვალუტის გადაცვლა ბანკისგან განსხვავებული კურსით მიმდინარეობს. მომხმარებელი ფულს რიცხავს საკუთარი ანგარიშიდან ადგილობრივ ვალუტაში, ხოლო კომპანია მიმღებს თანხას ურიცხავს იმ ქვეყნის ფულის ერთეულით, სადაც იგი იმყოფება.

ამ მომსახურეობით მომხმარებლებს საკმაოდ დიდი თანხა ეზოგება . კომპანია იღებს გადარიცხვის პროცენტს, თუმცა ეს ბანკის პროცენტზე გაცილებით უფრო ნაკლებია. კომპანიის მიზანია, მისი მომსახურება 10-ჯერ უფრო ნაკლები ღირდეს, ვიდრე ბანკის.

ყოველ მომხმარებლს საშუალება აქვს აირჩიოს 40 ვალუტიდან ნებისმიერი. კომპანიას დღეს 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 3 მილიარდამდე ფუნტი სტერლინგის გადარიცხვები ხორციელდება.

Transferwise ჰყავს 1300-ზე მეტი თანამშრომელი და განსაკუთრებით საინტერესოა მისი გუნდების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპი. კომპანია დაყოფილია ავტონომიურ, დამოუკიდებელ გუნდებად, რომლებიც ფოკუსირდებიან KPI-ზე (Key Performance Indicator) და მას არ ჰყავს ე.წ. Business Intelligence გუნდი.

ამგვარ გუნდურ მუშაობას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დადებითი მხარეა ის, რომ ყველა ცალკეულმა ჯგუფმა ზედმიწევნით კარგად იცის ის კონკრეტული საკითხი, რომელზეც მუშაობს. გუნდების უმრავლესობას ჰყავს საკუთარი ანალიტიკოსი, რომელიც გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება.

ეს სისტემა განსხვავდება ე.წ. Business Intelligence გუნდებისგან, რომლებიც მხოლოდ მონაცემების მიწოდებით შემოიფარგლებიან. TransferWise -ის პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, რაზეც სწორედ ანალიტიკოსია პასუხისმგებელი.

ანალიტიკოსის ფუნქციას უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, ვინაიდან სხვადასხვა რგოლის ანალიტიკოსებს ერთმანეთში კომუნიკაცია არა აქვთ, რაც გარკვეულ ხარვეზებს ქმნის. კონმპანია ამ მიმართულებით მუშაობს და ცდილობს ამ კომუნიკაციების დახვეწას და გამოსწორებას.

ხედვების უკეთ რეალიზაციისა და გუნდებისთვის მონაცემებზე დაფუძნებული (data-driven) გადაწყვეტილების მიღების საშუალების შესაქმნელად, კომპანია მუშაობს ისეთი ტექნოლოგიით როგორიცაა -Looker. ეს გახლავთ მომხმარებლის ინტერფეისი, სადაც შესაძლებელია dashboard-ების შექმნა, რომელიც მონაცემთა ბაზებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ყოველთვიურად, 80-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი მუშაობს looker-ის გამოყენებით. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე კომპანიაში დასაქმებული ანალიტიკოსთა რაოდენობა.

გუნდებს აქვთ მონაცემებზე მყისიერი წვდომა, რაც საჭირო გადაწყეტილების დროულად განხორციელებას უზრუნველყოფს. თანამშრომლების 70% Looker-ის პროგრემით მუშაობს. ყოველთვიურად იქმნება 600 Look-ი და 150 dashboard-ი. თანამშრომელთა 30 % კი, Looker-ს ყოველ დღე იყენებს.

კომპანია დარწმუნებული უნდა იყოს მონაცემთა ბაზის სისწორეში და ყოველი ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კოდის გარკვეულ ნაწილზე. ეს პროცესი ჰგავს ერთიან საინჟინრო პლატფორმას, სადაც თითოეული ინჟინერი პასუხისმგებელია იმ კოდზე, რომელიც მან დაწერა.

Looker-ის გამოყენება ძალიან ეფექტიანია მათთვის, ვინც ფინანსებზეა პასუხისმგებელი და ასევე, HR-ებისათვის. თუკი ეს ადამიანები მის დამოუკიდებლად გამოყენებას შეძლებენ, დაუზოგავენ დროს სხვა თანამშრომლებს.

და ბოლოს, კომპანიის დევიზია - ეს არ არის უბრალოდ სამსახური, ეს რევოლუციაა.