MULT - საფულის მარტივი ვერსია
MULT - საფულის მარტივი ვერსია

 ინტერვიუ ბაჩო ბარნაბიშვილთან

ქართული აპლიკაცია Mult- თავიდან აგარიდებთ სხვადასხვა სახის დისკომფორტს და საშუალებას მოგცემთ, დაგროვების თუ ფასდაკლების ყველა ბარათი ერთ სივრცეში მოაქციოთ და ელექტრონულ საფულეში შეინახოთ.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის UI/UX დიზაინის ლექტორი ბაჩო ბარნაბიშვილი აპლიკაცია Mult-ის შესახებ გვესაუბრა.



რა არის Mult- და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

იდეის კონცეფციაზე მუშაობა გიორგი ქანანაშვილმა დაიწყო, მე უშუალოდ აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩავერთე. ნათლად ჩანდა, რომ მომხმარებლისთვის პრობლემას ქმნიდა უამრავი ფასდაკლების ბარათით გაბერილი საფულე, მათი ხშირი დაკარგვა, ბარათის ვადის გასვლა და მისი ხელმეორედ აღების პროცესი... სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ აპლიკაციის შექმნა.  ჩვენი მთავარი სურვილი იყო დავხმარებოდით მომხმარებლებს ფულის დაზოგვასა და ფიზიკური საფულის ელექტრონული საფულით ჩანაცვლებაში. შედეგად მივიღეთ კომპანია Mult-ი, რომელიც დაგროვების და ფასდაკლების ყველა ბარათს ერთ სივრცეში აერთიანებს.


თქვენამდე თუ ჰქონდა რომელიმე კომპანიას მსგავსი მომსახურების შექმნის მცდელობა?

რამდენიმე კომპანიას ჰქონდა მცდელობა, თუმცა ისინი არ იყო მასშტაბურად ბაზარს მორგებული. ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად მოვეკიდეთ საკითხს და დღეს ერთ აპლიკაციაში დაახლოებით 50-მდე ბარათი გვაქვს გაერთიანებული.

რამდენი ხანია, რაც აპლიკაცია ჩაეშვა და რამდენი მომხმარებელი ჰყავს მას დღეს?

დღეს გვყავს დაახლოებით 5000 აქტიური მომხმარებელი, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ჩვენს აპლიკაციას. ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროის მონაკვეთში, ოთხ თვეში მოხდა.

რა ასაკზეა გათვლილი ეს აპლიკაცია და რამდენად მარტივია მისი მოხმარება?

ბიზნესმოდელი გათვლილია ყველა კატეგორიის და ასაკის ადამიანზე. ჩვენი მომხმარებელი, მეტწილად, 30-40 წლისაა და ბევრ მათგანს არა აქვს ციფრული პროდუქტების გამოყენების გამოცდილება, ამიტომ შევეცადეთ პროგრამა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო. ახლა აქტიურად ვცდილობთ ჩვენი აპლიკაციის პოპულარობა ახალგაზრდებშიც გავზარდოთ, რადგან ფულის დაზოგვას ასაკობრივი ზღვარი არა აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების აზრი და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკვირდეთ მათ ქცევას, მოვუსმინოთ მოთხოვნებს და ამის მიხედვით გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტი.

თუ აპირებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გასცდეთ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Mult-ისგან?

კომპანიამ მუშაობა საქართველოში დაიწყო, შემდეგი ნაბიჯები კი სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირების დასაწყისი იქნება. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და უკვე შევედით სომხეთში. ჩვენი მთავარი მიზნობრივი აუდიტორია პოსტსაბჭოთა სივრცეა, რადგან ჩვენს სამეზობლოში კონკურენტი არ გვყავს. უკრაინა, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი - ეს ქვეყნები ჩვენი პოტენციური მომხმარებლები არიან. ვგეგმავთ, მომავალ წელს უკვე ნახევარი მილიონი მომხმარებელი გვყავდეს.


საქართველოს მასშტაბითაც დიდი ძვრები გვაქვს. დავიწყეთ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც დიჯიტალ შოპინგში არიან ჩართულები. უახლოესი სამომავლო გეგმები გულისხმობს აპლიკაციის გრანდიოზულ განახლებას და, ასევე, რამდენიმე ახალი ფუნქციონალის დამატებას, როგორიცაა ფასდაკლების ვაუჩერების ყველაზე დიდი ბაზა და შოპინგ სიახლეების კარგად ორგანიზებული განრიგი.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS-ზე (https://apple.co/2IOilg0) და Android-ზე (https://bit.ly/2Ffrop0).

 

 

ბლოგის სხვა თემები