ბანკი აღარ არის ადგილი, სადაც მიდიხარ - ბანკი არის ის, რასაც აკეთებ
ბანკი აღარ არის ადგილი, სადაც მიდიხარ - ბანკი არის ის, რასაც აკეთებ

30-31 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში მეოთხე საერთაშორისო ციფრული სამიტი - Touch-ი გაიმართა. სამიტში 15-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც ისეთ კომპანიებს წარმოადგენდნენ, როგორიცაა: Nike, Nasa, Google, Amazon, Neuralink, SpaceX, The Next Web, Facebook და სხვა.

რუსთაველის თეატრის სცენიდან 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია 2 დღის განმავლობაში უზიარებდა სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ჩატარდა ვორქშოფები, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები.

წლევანდელი სამიტის ძირითადი თემები იყო: პროდუქტის შექმნა, დიზაინის როლი ბიზნესში, მონაცემთა ანალიზი, შემოქმედებითი ინდუსტრიები, გუნდთან მუშაობის კულტურა, მომავლის ტექნოლოგიები, ქალები ტექნოლოგიებში, ფინანსები და ტექნოლოგიები და ა. შ.

 


ბანკი აღარ არის ადგილი, სადაც მიდიხარ - ბანკი არის ის, რასაც აკეთებ

Touch-ზე ტექნოლოგიების განვითარებასა და საბანკო სფეროს ტრანსფორმაციაზე ისაუბრა საქართველოს ბანკის სპიკერმა გიორგი ვაშაკიძემ. მისი მოხსენების სათაურიც დროში განვლილ ამ ტრანსფორმაციას გამოხატავს: ბანკი აღარ არის ადგილი, სადაც მიდიხარ - ბანკი არის ის, რასაც აკეთებ.

რა გამოწვევები აქვს ბანკს, რომელიც ადასტურებს თავის ღირებულებას გრძელვადიან პერიოდში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ტრადიციულმა ბანკმა თანამედროვეობისკენ? როგორია საბანკო სფეროს ტრანსფორმაციის პროცესი და როგორ ინტეგრირდება ეს სექტორი ეკოსისტემასთან?

 


 

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ბანკებს აქვთ ორი ძირითადი ფუნქცია მომხმარებლებისთვის: ღირებულების შენახვა და ფულის სესხება. ეს ასპექტი ჯერ კიდევ რელევანტურია ბანკების უმრავლესობისთვის, თუმცა ტექნოლოგიის განვითარებამ დიდი ცვლილებები გამოიწვია და ბიზნესის დიჯიტალიზაცია დაიწყო.

„ბანკებს აქვთ სტრატეგიული პროექტები, ისინი ქმნიან, ცვლიან, აახლებენ და, ასევე, აერთიანებენ სხვადასხვა საბანკო მომსახურებას, წინასწარ განსაზღვრავენ გარკვეულ პროდუქტებს და „აიძულებენ“ მომხმარებლებს, გააკეთონ არჩევანი ამ შეთავაზებებს შორის, თუმცა ზოგიერთი ბანკი სხვა სტრატეგიას ირჩევს: მაგალითად, როუმინგი ეკოსისტემაზე“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვაშაკიძემ.

მისივე აზრით, ბანკებს სამი მთავარი გამოწვევა აქვთ, ესენია:

·     ღირებულების ჯაჭვის შექმნა მომხმარებლებისთვის;

·      end-to-end პროცესებზე დაფუძნებული დიჯიტალი, მაგალითად, არასაბანკო პროდუქტების გაყიდვა საბანკო პლატფორმებზე;

·    ახალი სეგმენტების აღმოჩენა.

საქართველოს ბანკის სპიკერის თქმით, დღევანდელი მომხმარებელი საკმაოდ მომთხოვნია. მისი გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს, როდესაც დრო ყველაზე დეფიციტური რამაა და ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, იგი არ უნდა დაიხარჯოს სხვადასხვა ოპერაციის განხორციელებაზე და, შესაბამისად, ციფრული თაობა მათზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს:

„მომხმარებლის გონება ავტომატურად არის მომართული გამოცდილებაზე და არა კონკრეტულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე. მობილური ბანკის აპლიკაცია უნდა იყოს ისეთივე სწრაფი, როგორც ტვიტერი, ისეთივე რელევანტური, როგორც გუგლი, ისეთივე გასართობი, როგორც იუთუბი...

ჩვენი მომხმარებლები უკვე მზად არიან მიიღონ ასეთი ტიპის მომსახურებები და ჩაერთონ მათში. ისინი სწავლობენ უკუკავშირის გაცემას, ვარსკვლავებით შეფასებას, მონაწილეობენ მომხმარებლების ინტერვიუებში, ტესტირებებში, მთლიანად ჩართულები არიან პროცესებში და ამას სერიოზულად ეკიდებიან“.

აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაკიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ბანკმა განსაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა დააფასონ. ეს პრინციპებია: მომხმარებლის მოლოდინებზე მორგება და სრულად დიჯიტალიზებული გამოცდილება, უსაფრთხოება, მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა და სიმარტივე.

Touch - ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ორგანიზაციებს აერთიანებს. პროექტის მიზანია წარმატებული საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიებით და საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარება.

 

ბლოგის სხვა თემები