CLP Hub - პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის
CLP Hub - პროგრამული უზრუნველყოფა სადაზღვევო კომპანიებისათვის

კომპანია CLP HUB პირველი ქართული სტარტაპია, რომელიც სადაზღვევო კომპანიებს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. კომპანია 4 წლის წინ შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად სხვა მიმართულებებით მუშაობდა და იყო პირველი, ვინც მიკროსაფინანსო და მცირე ბანკებისთვის ქმნიდა შესაბამის პროგრამებს.

ერთი წლის წინ CLP HUB-მა მიმართულება ეიცვალა და დღეისათვის, დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, სადაზღვევო სისტემისთვის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი ექმნა, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გვესაუბრება კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ჭარხალაშვილი:

თქვენი კომპანია საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა მიკროსაფინანსო და მცირე ბანკების პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. რატომ გადაწყვიტეთ მიმართულების შეცვლა და სადაზღვევო სექტორზე კონცენტრირება?

როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ვიყავით პირველი ქართული კომპანია, რომელმაც პროგრამულად უზრუნველყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მცირე ბანკები.სწორედ ჩვენმა ერთ-ერთმა კლიენტმა მიკროსაფინანსო ბანკიდან გვკითხა, გვქონდა თუ არა სადაზღვევო პროგრამების შექმნის ინტერესი. მანამდე ამ მიმართულებაზე არასდროს გვიფიქრია და არც გამოცდილება გვქონდა, ამიტომ თავიდან უარი ვთქვით, მოგვიანებით კი იდეა მიმზიდველად მოგვეჩვენა,დავიწყეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ხოლო მიწოდება-არასკმარისი. ჩვენს გუნდში მოვიწვიეთ ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და დავიწყეთ მუშაობა. დაახლოებით ერთი წლის თავზე პროდუქტი მზად იყო.

კონკრეტულად რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა განსხვავებული ბენეფიტები გაქვთ კონკურენტებთან შედარებით?

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროგრამა სრულად ფარავს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას, როგორიცაა:

კლიენტების ბაზის დაპოლისების მართვა, ბილინგი, შეტყობინებების ავტომატური დაგზავნა, დავალებების და ზარალების მაჩვენებელი,საბუღალტრო და სადაზღვევო კომპანიისათვის საჭირო ყველა სხვა მოდული.

კონკურენტებისგან განსხვავებით, ჩვენი პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ახალი ტიპის პროდუქტები ბევრად უფრო სწრაფად შეიქმნას, ვიდრე ეს სტანდარტული მოდელების გამოყენებით არის შესაძლებელი. მაგალითისთვის, თუ ავტოდაზღვევისთვის პროდუქტის შექმნას 6 თვიდან - 1 წლამდე სჭირდება, ჩვენი პროგრამის გამოყენებით ეს ერთ კვირაშია შესაძლებელი.დროის მინიმალიზაცია და ოპტიმიზაცია ჩვენი მთავარი ბენეფიტია.ასევე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ სტანდარტული პროგრამები მომხმარებელს წინასწარ გამზადებულ შაბლონს სთავაზობს,რომელსაც კომპანიამ საკუთარი პროდუქტი უნდა მოარგოს. ჩვენი პროგრამა კი საპირისპიროს გულისხმობს: ვახვედრებთ ცარიელ ჩaრჩოებს, სადაც კომპანიას შეუძლია თავად დაამატოს იმდენი ინფორმაციული ველი, რამდენიც მას სჭირდება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომლებიც მუდმივად ამატებენ ახალ სერვისებს და მომსახურების პირობებს ანახლებენ.

საქართველოს ბაზარზე ვინ არიან თქვენი კლიენტები?

სისტემაზე მუშაობა იანვრიდან დავიწყეთ და უკვე ორ თვეში ჩვენი პირველი კლიენტი გამოჩნდა  - „აისი ჯგუფი“. შემდეგი კომპანია „ბაზისბანკი“ იყო და ახლა „ქართუ დაზღვევაც“ შემოგვიერთდა. დროის ამ მცირე მონაკვეთში ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა.

საზღვრებს გარეთ პროდუქტის გატანის შანსი თუ არსებობს?

რეალურად, მსოფლიოში სულ 3 კონკურენტი გვყავს და ჩვენი პროგრამით საზღვარგარეთ გასვლის პერსპექტივა საკმაოდ დიდია. ამჟამად საქმიანი ურთიერთობა გვაქვს პოლონურ კომპანიასთან, რომელიც, თავის მხრივ, ეხმარება სადაზღვევო კომპანიებს ახალი პროგრამული უზრუნველყოფების მოძიებაში. ისინი თავად გვაკავშირებენ პოტენციურ კლიენტებს და ამჟამად 3 ევროპულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

აღსანიშნავია ის, რომ თუკი ნებისმიერ უცხოურ კომპანიას ინდივიდუალურად მორგებული პროდუქტის შეკვეთას მისცემთ, ისინი ამ მომსახურებაში უზარმაზარ თანხას მოითხოვენ და გარდა ამისა, მინიმუმ, 3-იდან- 5 თვემდე იმუშავებენ მის შექმნაზე. ჩვენი პროდუქტი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდივიდუალურ მიდგომას თავიდანვე გულისხმობს. როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი პროგრამის საშუალებით ხდება კომპანიის თანხების ოპტიმიზაცია. ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას ჰყავს დეველოპერთა მთელი გუნდი, რომელიც ცდილობს არსებულ შაბლონს მოარგოს ახალი პროდუქტი და ამისათვის მათ ცალკე პროგრამების წერა უწევთ. ჩვენი პროგრამა ამ გუნდის აუცილებლობას გამორიცხავს და ამით კომპანიებს რეალურად 60 პროცენტამდე უმცირებს დანახარჯებს.

თანადაფინანსების შესახებ მოგვიყევით, ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

გარდა საკუთარი ინვესტიციებისა, 100 000 ლარი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მივიღეთ, როდესაც ჩვენი პროექტი 17 გამარჯვებულ სტარტაპს შორის აღმოჩნდა. ახლა აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად, რადგან ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, რაც დამატებითი ინვესტიციის გარეშე რთულიადა გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

 

ბლოგის სხვა თემები

Plug and Pay - ქართული კომპანია, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობას ამარტივებს

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

Optio.ai - პირველი ქართული ფინტექი ხელოვნური ინტელექტის სფეროში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი

eMoney - პირველი ელექტრონული საფულე საქართველოში

გაიცანი ქართული ფინტექ კომპანია

გაიგე მეტი