Shelf.Network - სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა

Shelf.Network-ი ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. ამ ქსელური ეფექტის მისაღწევად Shelf.Network-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს და მსოფლიოში არაერთი აღიარება მოიპოვა აღნიშნული ტექნოლოგიის საუკეთესო გამოყენებისთვის.
კომპანია ოფიციალურად წელიწად-ნახევრის წინ დაფუძნდა და $1 600 000-ზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი ქართული სტარტაპია, რომელიც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მასშტაბზე გავიდა და ამერიკელი, გერმანელი, იაპონელი ინვესტორები და პარტნიორები მოიზიდა. Shelf.Network-მა არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, მათ შორის, Frontier Innovation-ის საერთაშორისო ჯილდო ბლოკჩეინის გამოყენების საუკეთესო ქეისის შექმნისთვის და Block Show 2018-ის ჯილდო, როგორც საუკეთესო ევროპულმა ბლოკჩეინ სტარტაპმა. ის, აგრეთვე, საუკეთესო ნომინანტად დასახელდა ფრანკფურტის ავტოშოუზე, ავტოინდუსტრიაში საუკეთესო ინოვაციისათვის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.

ჩვენს შეკითხვებს კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ანთაძე პასუხობს:

როგორ დაიბადა კომპანიის შექმნის იდეა და რა წინაპირობა ჰქონდა მას?

კომპანიის დამფუძნებლები და იდეის განმახორციელებლები მე და ჩემი უკრაინელი პარტნიორები ვართ, მაგრამ მის შექმნას განსხვავებული პრეისტორია აქვს. 2015 წელს უკრაინაში შევქმენით ქსელური აუქციონების პირველი სისტემა, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ითვალისწინებდა და კერძო სექტორის (როგორც ბროკერის) ჩართულობის და, კონკურენციის ზრდის პირობებში, სახელმწიფო ქონების გასხვისება/საიჯაროდ გადაცემის პროცესის გამჭვირვალობის საშუალებას იძლეოდა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ინსტრუმენტით სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული აქტივები აუქციონის წესით გაყიდულიყო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შექმნილიყო კონკურენცია და მოგვეზიდა ინვესტორები. უკრაინაში ეს რეფორმა პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა და შემდგომ გადავწყვიტეთ, ანალოგიური პრინციპი მეორადი მანქანების სექტორისთვის მოგვერგო.

რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?

ფოკუსირება გავაკეთეთ ისეთ აქტივებზე, რომლებიც მსოფლიოში საკმაოდ ლიკვიდურია და მოძრაობს. მეორადი მანქანები, ნავთობისა და გაზის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი მსხვილი სავაჭრო საქონელია და ბაზარიც მუდმივად მზარდია. დასავლეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში მანქანებით ვაჭრობა ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული: თანხის გადახდის კოორდინაცია, დეპოზიტების დაკავება, ლოჯისტიკის აწყობა და ა.შ. არადა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალიან დიდია. ვფიქრობ, ძალიან სწორად გავაკეთეთ პოზიციონირება, როდესაც სწორედ ამ პროდუქტზე მოვახდინეთ ფოკუსირება.

აუქციონის და თქვენი სისტემის მუშაობის შესახებ გვიამბეთ...

ჩვენ ვართ ელექტრონული კომერციისა და ფინანსური ინსტრუმენტების გამაერთიანებელი პლატფორმა და წარმოვადგენთ ისეთ ტექნოლოგიურ სტრუქტურას ელექტრონულ კომერციაში, რომელიც მომხმარებელს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (ონლაინ პორტალები, საბანკო გადახდის საშუალებები, სატრანსპორტო სერვისები) აკავშირებს და მათ კოორდინაციას უწყობს ხელს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში მარტივად განხორციელდეს ტრანზაქცია და ლოჯისტიკა. ამ პროცესებს სრულ კოორდინაციას ვუწევთ ისე, რომ, როგორც ტექნოლოგიური რგოლი, უხილავი ვრჩებით. რაც შეეხება სინქრონიზებულ აუქციონს, ეს ჩვენი კომპანიის ექსკლუზივია. აუქციონის საშუალებით იქმნება გლობალური სინქრონული კონკურენცია ერთსა და იმავე საგანზე. ეს არის შესყიდვის მაქსიმალურად გამარტივებული მექანიზმი: მომხმარებელი შედის ლოკალურ ონლაინ პორტალზე მშობლიურ ენაზე, მას ემსახურება ადგილობრივი ბანკი, თანხას იხდის საკუთარი ბარათით და, ამავდროულად, მსოფლიოს ათას სხვა ქვეყნის მოქალაქესთან ერთად არის ჩართული ანალოგიურ გაყიდვის პროცესში.
ჩვენი სისტემა ინფორმაციულ ასიმეტრიასაც ასწორებს ონლაინ სივრცეში და მომენტალურად განაახლებს გასაყიდი საგნების ფასებსა თუ მონაცემებს იმ პორტალზე, სადაც გასაყიდი ერთეულია განთავსებული.
ქსელი უკვე 3 ევროპულ ქვეყანაში ფუნქციონირებს (ლიეტუვა, უკრაინა, საქართველო). Shelf.Network-ი აუქციონების ჩატარების უნივერსალური ინფრასტრუქტურაა და დღეში დაახლოებით 150 000 პარალელური აუქციონი ტარდება. ავტომობილები ჩვენი პირველი აქტივია. დროთა განმავლობაში შესაძლებელია დიაპაზონის გაფართოება და მისი სხვა პროდუქტებზე მორგება.

რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს?

მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი და უკეთესი მოწოდების წყაროები გავაჩინოთ და მეტად მოსახერხებელი დაფინანსების პირობები შევთავაზოთ მომხმარებელს, გავამარტივოთ ბანკებთან მათი ურთიერთობა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი პროდუქტი შევიმუშავეთ: მომხმარებელს შეუძლია ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტთან წინასწარ შეთანხმება, თუ რა თანხის მიღება სურს აუქციონში მონაწილეობისთვის და ამ თანხის ფარგლებში ლავირება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა იაპონურმა კომპანიამ 5-წლიანი ლიცენზია იყიდა და ჩვენი ტექნოლოგიის დანერგვას აპირებს სამხრეთ აზიის ქვეყნებში იაპონური მანქანების გასაყიდად. კონტრაქტის მიხედვით, 5 წლის განმავლობაში, ქსელში 2 000 000 ავტომობილის ჩაშვებაზეა შეთანხმება.

ბლოგის სხვა თემები

QuickCash - ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების ინოვაციური პლატფორმა

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე სტუმრად Startup Grind-ზე

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკმა Apple Pay წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა.

გაიგე მეტი