QuickCash - ბიზნესის კრედიტუნარიანობის შემოწმების ინოვაციური პლატფორმა

Quick Cash-ი მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასებისა და ღრუბლოვანი ბანკინგის ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმაა. QuickCash-ის საშუალებით სასურველი თანხის მიღება რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლის შემდეგაა შესაძლებელი. რეგისტრაციის შემდეგ ხდება ბიზნესის მომენტალური შეფასება მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების შედეგად და თანხა საკრედიტო ხაზის დამტკიცებისთანავე გაიცემა.

თუ ბიზნესის შეფასებას სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ ორი ან მეტი კვირა სჭირდება, ამ პლატფორმის საშუალებით ბიზნესის შეფასება 5 წუთშია შესაძლებელი. ასევე, არ არის საჭირო საბუთების შეგროვება და სხვა ბიუროკრატიული პროცედურების გავლა.

გვესაუბრება მარიამ რუსიშვილი, Quick Cash-ის დამფუძნებელი:

საიდან დაიბადა იდეა?

2010-2011 წლებში ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. სწავლის დასრულების შემდგომ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკში დავიწყე მუშაობა და 170 განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის საკითხებს ვსწავლობდი, ვაკვირდებოდი მათი ფინანსური სისტემების სტაბილურობას, თუ როგორ ეხმარება მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო რესურსები კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების განვითარებას. პროექტზე მუშაობისას შევიმუშავე კონკრეტული ინდიკატორები, რომლებიც აფასებდა ამ ქვეყნებში მიმდინარე პროგრესს ფინანსური და მცირე ბიზნესის მიმართულებებით.

იმ დროისათვის ფინანსური ტექნოლოგიების ასეთი „ბუმი“ ჯერ არ იყო, თუმცა ნათლად ჩანდა, თუ რამდენად ეფექტიანია ეს ტექნოლოგიები და როგორ ამარტივებს ფინანსურ სექტორში საქმიანობას. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოშიც შექმნილიყო დაკრედიტებისა და ელექტრონული კომერციის კუთხით მსგავსი პლატფორმა. კონკრეტული ინსპირაციის წყარო კი ამერიკული კომპანია Kabbage-ი იყო, რომელიც წარმოადგენს ალტერნატიული დაფინანსების პლატფორმას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საინვესტიციო ფონდში ამერიკაში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დავიწყეთ. ამ პროგრამაზე მუშაობისას რეალურად დავინახე, თუ რა პრობლემებს აწყდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი სესხების ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ პრობლემების შეფასების შემდეგ, სხვა წარსული გამოცდილებების და, ასევე, კომერციულ ბანკში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებითაც, 2016 წელს კომპანია დავაფუძნე.

როგორ დაიწყეთ ფუნქციონირება?

2017 წელს ჩავუშვით პლატფორმა, რომელიც ალგორითმის საშუალებით ბიზნესის შეფასებას ახორციელებს. თავდაპირველად თავად გავცემდით სესხებს, ასე ვთქვათ, ვტესტავდით სისტემას. პირველ წელს დაახლოებით მილიონამდე სესხი გავეცით. სისტემა იმდენად ელექტრონიზებულია, რომ მინიმალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ მხოლოდ 5 ადამიანი ვიყავით დასაქმებული.

როგორ ხდება ალგორითმის საშუალებით ბიზნესის შეფასება?

ყველაფერს აპროცესებს ალგორითმი, რომელიც გადაწყვეტილების ძრავის სისტემით არის აწყობილი, რაც გულისხმობს იმას, რომ 100-მდე პარამეტრის გათვალისწინებით, რამდენიმე წუთში დგინდება კონკრეტული სამუშაო კაპიტალის ოდენობა, რისი გაცემის რეკომენდაციაც ეძლევა ფინანსურ ინსტიტუტს. ალგორითმი აფასებს ბიზნესის პუნქტუაციას, შემოსავალს, გასავალს, გაყიდვებს და სხვა; შემდეგ აჯამებს, ითვლის და 5 წუთის განმავლობაში აფასებს ბიზნესის კრედიტუნარიანობასა და ქმედუნარიანობას. პროცესი ორ ეტაპადაა დაყოფილი: პირველი ეტაპი მონაცემების შეგროვებას და შეჯამებას გულისხმობს, ხოლო შემდგომ ფასდება ამ მონაცემებისა და პარამეტრების ურთიერთკავშირისა და კომბინაციის ეფექტიანობა ალგორითმის საშუალებით, რომელიც თვითგანვითარებადია და მონაცემთა გაზრდის შესაბამისად კიდევ უფრო ზუსტი ხდება.

გარდა ბიზნესის შეფასებისა, სხვა სერვისებზეც მოგვიყევით...

2018 წელს გავაფართოვეთ არეალი და მთლიანი ალგორითმული პლატფორმა გადავიტანეთ „ამაზონის“ ღრუბლოვან ვებსერვისებზე, იმისათვის რომ მეტად ეფექტიანად დაგვემუშავებინა მონაცემები. გარდა იმისა, რომ ვიყენებთ „ამაზონის“ მზა მოდულებს, შევქმენით სხვა სერვისებიც: ავტომატურ რეჟიმში შესაძლებელია ერთი და იმავე ფანჯრიდან სასურველი კლიენტის აპლიკაციის შექმნა ონლაინ; ასევე შევიმუშავეთ სესხის მართვის მოდული და მომხმარებლის მართვის სისტემა, ციფრული მარკეტინგის წარმოებისა და მონაცემთა ანალიტიკის ჩათვლით. ფაქტობრივად, გამზადებული მოდულები შევქმენით ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ბიზნეს ბანკინგის სრული სპექტრი. მოცემული მოდულებიდან მომხმარებელს შეუძლია თავისი ბიზნესისთვის ყველაზე უფრო მოსახერხებელი და საუკეთესო აირჩიოს. საბოლოო ჯამში, ეს სისტემა ძალიან ამარტივებს წვდომას ბიზნესის სამუშაო კაპიტალზე, ამცირებს ხარჯებსა და ზოგავს დროს.

რა გეგმები გაქვთ მომავალში და ბიზნესის გაფართოების რეალური გეგმა თუ არსებობს?

ჩვენ უკვე ვართ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის წევრები და სურვილი გვაქვს, ახლო მომავალში ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ბაზარზე შევიდეთ. ჩვენი კომპანიით დაინტერესებულია რამდენიმე ევროპული ბანკიც და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველოში რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი იყენებს ჩვენს სერვისს და ჩვენი პროდუქტის მიმართ ადგილობრივი ბანკების მხრიდანაც დიდი ინტერესია.

რომელია თქვენი მხარდამჭერი ორგანიზაციები და სახლმწიფო თუ უჭერს მხარს თქვენს პროექტს?

2016 წელს გავხდით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული პირველი მაღალტექნოლოგიური სტარტ-აპ კონკურსის გამარჯვებული და მივიღეთ 100 000 ლარი. 2018 წელს, ამავე სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის კონკურსის ფარგლებში, მივიღეთ გრანტი 100 000 ლარის ოდენობით. ჩვენი კოპანიისთვის ძალიან ხელსაყრელია ღია ბანკინგთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა დირექტივა, რომელიც უკვე მოქმედებს ევროკავშირის ბაზარზე. რაც შეეხება საქართველოს, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები ქართულ ბაზარზე, ვინც ღია ბანკინგის მიმართულებით ვითანამშრომლებთ კომერციულ ბანკებთან. მაგალითად, ღია API-ს საშულებით, ბანკის კლიენტი კომპანიის ან ფიზიკური პირის ელექტრონული თანხმობის შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდება მათ მიერ შერჩეული საბანკო ფინანსური მონაცემები და შესაძლებელი იქნება მათი დამუშავება კონკრეტული ქეისებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჩვენს ალგორითმს შეფასების პარამეტრების კიდევ უფრო მეტად დახვეწაში დაეხმარება.

საერთაშორისო მიღწევები:

2017 წელს კომპანია შერჩეული იყო Global 15 კომპანიას შორის Finance in Motion და EFSE ფონდის მიერ FINCLUDER’s BERLIN-ის ფინანსური ინკლუზიურობის კონკურსში.

2018 წელს QuickCash-ი შერჩეულ იქნა 850 კომპანიას შორის BBVA-ს OPEN INNOVATION კონკურსში FINTECH BUSINESS AWARDS 2018-ის ფინალისტად.

2018 წელს Seedstar-ის მიერ FINTECHSTAR GROWTH აქსელერატორში შერჩევის შედეგად QuickCash-ი გახდა შვეიცარიული SeedStar-ის პორტფოლიო კომპანია.

QuickCash-ი ასევე მიწვეული იყო ყაზახეთში, ასტანაში AIFC (ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი https://aifc.kz/), სადაც, ოპერაციების გაშლის მიზნით, პირველ ქართულ ფინტექ კომპანიად დავრეგისტრირდით და მივიღეთ კომერციული ლიცენზია.

2018 წლის ოქტომბრის ბოლოს მიწვეული ვიყავი QuickCash-ის წარსადგენად SME BANKING კონფერენციაზე ვარშავაში.

2019 წელს ვართ ნომინირებული ლონდონში EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ინოვაციის მიმართულებით საქართველოდან.

https://emerging-europe.com/awards/emerging-europe-announces-nominees-for-2019-awa_rds/
ბლოგის სხვა თემები

Shelf.Network - სინქრონიზებული აუქციონების პლატფორმა

Shelf.Network-ი ელექტრონული ვაჭრობისთვის შექმნილი სისტემაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ერთეული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა.

გაიგე მეტი

თამაზ გეორგაძე სტუმრად Startup Grind-ზე

23 მარტს,„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გაიმართა Startup Grind Tbilisi, რომლის ფარგლებშიც, კომპანია Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გეორგაძემ მონაწილეებს საკუთარი ცხოვრებისადაგამოცდილების შესახებ უამბო.

გაიგე მეტი

საქართველოს ბანკმა Apple Pay წარადგინა

საქართველოს ბანკმა მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემის -Apple Pay-ის წარდგენის შესახებ განაცხადა.

გაიგე მეტი