ჭეშმარიტად უთანასწორო უპირატესობები

როგორ მოიქცევით, თუკი ვინმე გენიალურ ბიზნეს იდეას მოგპარავთ?

როდესაც ვხვდები „ანგელოზ ინვესტორს“, მან შეიძლება მკითხოს: „რას იზამ, თუკი დიდი კომპანია დააკოპირებს შენს იდეას მას შემდეგ, რაც შენი პროექტი გასაჯაროვდება?“

როგორ ვუპასუხო ამ შეკითხვას?

სინამდვილეში, შეკითხვის ფორმულირება ასეთი უნდა იყოს:

როგორ იქცევით ამჟამად, როდესაც პოტენციური რისკის შესახებ იცით?

რას მოიმოქმედებთ, თუკი ჭკვიანი, თუმცა „თავხედი“ სტარტაპი თქვენს იდეას დააკოპირებს, რომელიც შემდგომ დაფინანსდება 10 მილიონი დოლარით და სამჯერ გაშუქდება TechCrunch-ზე?

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ღია საწყისი კოდის მქონე თქვენი 4 კონკურენტი სერვისს უფასოდ ყიდის?

როგორი რეაქცია გექნებათ, თუკი თქვენი კოლეგა მოიპარავს კოდს, გეგმას, მარკეტინგულ მონაცემებს, კლიენტთა ბაზას, გაიქცევა ბოლივიაში და გაყიდის თქვენს პროდუქტს ათჯერ უფრო იაფად მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

კარგი ამბავი: ამ შეკითხვებზე პასუხები არსებობს.

ცუდი ამბავი: არავის აქვს სწორი პასუხი, თუმცა ყველა დარწმუნებულია თავის სიმართლეში. ეს ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანს, რადგან არავინ მუშაობს სწორი მიმართულებით ამ საგანგაშო სიტუაციის პრევენციისთვის. თუკი ამ სცენარებიდან რომელიმე მართლა განვითარდება, ნებისმიერი მოქმედება უკვე დაგვიანებული იქნება.

პირველი ნაბიჯი - პრობლემის აღიარება

ყველაფერი, რისი კოპირებაც შესაძლებელია, დაკოპირდება, მათ შორის: თქვენი ფუნქციონალი, მარკეტინგული და ფასების პოლიტიკა და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერს, რასაც პოპულარულ ბლოგებში კითხულობთ, სხვაც კითხულობს. თქვენ არ გაქვთ არანაირი უპირატესობა მხოლოდ იმიტომ, რომ მოტივირებული და შრომისმოყვარე ხართ.

ნამდვილი კონკურენტული უპირატესობის ყიდვა ან კოპირება შეუძლებელია.

რომელია ასეთი უპირატესობა?

შიდა, „ინსაიდერული“ ინფორმაცია

ამბობენ, რომ ერთადერთი საშუალება, მუდმივად გქონდეს შემოსავალი Wall Street-ზე, არის კულუარული ინფორმაციის ფლობა. სამწუხაროდ, ეს არ არის ხუმრობა, თუმცა კანონით აკრძალულია და ხალხი ამის გამო ციხეში ხვდება.

საბედნიეროდ, ბაზრის შიდა ინფორმაციის ფლობა და პრობლემების შესახებ ცოდნა სრულიად ლეგალური უპირატესობაა სტარტაპისთვის.

განვიხილოთ მაგალითი, თუ საიდან ჩნდება ეს უპირატესობა:

ადრიანა 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ფსიქიატრად, მან ყველაფერი იცის ამ სფეროს შესახებ. სამსახურში სტაგნაციის პერიოდი ჰქონდა, როდესაც გამოჩნდა კარგი შესაძლებლობა და ადრიანამ პროფესია შეიცვალა. საბოლოო ჯამში, იგი გახდა პროგრამული უზრუნველყოფის Product Development გუნდების ხელმძღვანელი (აღმოჩნდა, რომ მსხვილი ბიზნესის პროექტების მენეჯმენტში უფრო ღირებულია მგრძნობიარე, გამჭრიახი გონება და კარგი რჩევის მიცემის უნარი, ვიდრე C++ კოდის ექსპერტობა).

ახლა ადრიანამ გაიგო, რომ ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფა ფსიქიატრიულ პრაქტიკაში არაფრად ვარგა. მან იცის როგორც სფეროს ნიუანსები, ისე პროგრამების ხარვეზები, რომლებიც საკუთარ თავზე გამოცადა.

დღეს ადრიანას აქვს ხედვა და უნარი, შექმნას საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, თანამედროვე ტრენდების (მაგალითად, ვებაპლიკაციის დამკვიდრება მოუხერხებელი დასაინსტალირებელი პროგრამების ნაცვლად) და HIPPA-ს (კანონი, რომლის საშუალებითაც, სამედიცინო ჩანაწერების შენახვა შესაძლებელი გახდა ვებაპლიკაციებში) გამოყენებით.

ადრიანა იკავებს უნიკალურ პოზიციას: ის არის ინდუსტრიის ექსპერტი, რომელსაც კარგად ესმის მისი მიზნობრივი აუდიტორიისა და, ამავდროულად, არის გუნდის ლიდერი. თითქმის შეუძლებელია იპოვო ადამიანი, რომელიც ასეთ პროდუქტს შექმნის და შეკრავს გუნდს, რომელსაც ანალოგიური უნიკალური ცოდნა და უნარები ექნება. ერთადერთი, რასაც სხვა შეძლებს, არის კოპირება, თუმცა ამ დროისთვის ადრიანა უკვე პროდუქტის გაუმჯობესებულ, განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.

ერთი ასპექტის მიზანმიმართული, უკომპრომისო აკვიატება

  • Apple-ი ყველანაირ კომპრომისზე თანახმაა დიზაინის ხარისხის გამო. მათი პროდუქცია ზედმეტად ძვირია (ბაზარზე გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, ჯადოსნური პრინციპით, პროდუქციის ფასი, როგორც წესი, ნახევრდება), თუმცა არსებობს ბაგებიც (რამდენჯერ გატეხეს iOS-ი?) და ჩემი ყოველი შეხება მათ ტექნიკურ უზრუნველყოფასთან კოშმარული იყო. მაგრამ (!) მათი პროდუქცია ძალიან კარგად გამოიყურება და მისი გამოყენება სასიამოვნოა (ამ ტექსტს Air-ზე ვკრეფ, ჯიბეში კი iPhone-ი მიდევს).
  • Google-ის საძიებო ალგორითმი სხვებზე უკეთესი იყო, სწორედ ამით მიიქცია ყურადღება და მონეტიზაცია მოახერხა. მართალია, დღეისათვის Bing-ისა და Yahoo-ს ხარისხი მაღალია, მაგრამ Google-ისთვის ხანგრძლივი უპირატესობა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
  • Photodex - პატარა კომპანიაა, სადაც 90-იან წლებში ვმუშაობდი. ჩვენ შევქმენით სურათების ისეთი პროგრამა, რომელსაც მინიატურული „პრევიუები“ ჰქონდა და არ იყო საჭირო სათითაოდ ყველა სურათის გახსნა (იქამდე, ვიდრე ეს მიდგომა ყველა ოპერაციულ სისტემაში დამკვიდრდებოდა). პროგრამა არ იყო ყველაზე ხარისხიანი, სტაბილური, უნივერსალური ან მრავალფუნქციური, უბრალოდ, ის ყველაზე სწრაფი იყო. ბევრი მომხმარებლისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. Photodex-ი ამჟამად ათობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში, სიჩქარე კი კვლავაც რჩება მათ ერთადერთ პრიორიტეტად, რომლის შესანარჩუნებლადაც თავს არ ზოგავენ.

უნიკალურობა არ არის საკმარისი, რადგან მისი დუბლირება მაინც შესაძლებელია. როგორც წესი, აუცილებელია მთავარი ფუნქციონალის უკომპრომისო ერთგულება, რაც ძალიან რთულია და დიდ თავგანწირვას მოითხოვს.

Google-მა ასობით მილიონი დოლარი დახარჯა საკუთარი საძიებო ალგორითმის განსავითარებლად. კომპანიამ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს ალგორითმი ექცია უნიკალურ, მთავარ feature-ად და დღესაც, ათწლეულების შემდეგ, ის კომპანიის პრიორიტეტად რჩება. ისინი მას არავითარ შემთხვევაში დაუთმობენ კონკურენტებს ან ჰაკერებს, ეს გამორიცხულია.

37signals-ს აქვს მარტივი, ბანალური პროგრამული უზრუნველყოფა და ჰყავს 3 მილიონი მომხმარებელი. საქმე ისაა, რომ მომხმარებელი პატივს სცემს და მხარს უჭერს კომპანიის სიმარტივეს, გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას.

კონკურენტებსაც შეუძლიათ შექმნან ბანალური ვებაპლიკაციები (როგორც ჯოელ სპოლსკი ამბობს, „მათი პროგრამული უზრუნველყოფა უბრალო ტექსტური ველების ნაკრებია“), მაგრამ ამ ასპექტით შეპყრობისა და მისი აკვიატების გარეშე ეს იქნება უბრალო სოფტი მთავარი feature-ის გარეშე.

იმისთვის, რომ კოპირება შეუძლებელი გახდეს, თქვენი მთავარი feature უნდა იყოს არა მხოლოდ პრიორიტეტული, არამედ რთულად მისაღწევი. ძალიან ძნელია Google-ის ალგორითმის დუბლირება, რომელიც პროგრამულ და აპარატულ უზრუნველყოფასთან ერთად, 0.2 წამში იძიებს ინფორმაციას მილიონობით საიტზე.

ასობით, თუ ათასობით არა, ძალიან ჭკვიანი ადამიანი მუშაობდა წლების განმავლობაში Yahoo-სა და Microsoft-ში მსგავსი შედეგის მისაღწევად.

37signals-ი საკომუნიკაციო პლატფორმაა, ბლოგი, რომელსაც 131 ათასი გამომწერი ჰყავს და ბესთსელერი წიგნი აქვს გამოშვებული. მსგავსი რამის დუბლირება, გამორჩეული ავტორების არმიის გამოყენებითაც კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.

პირადი ავტორიტეტი

კრის ბროგანი 22 000 დოლარს გამოიმუშავებს დღეში კონსულტაციისთვის (სოციალური მედიის მარკეტინგი), იმის მიუხედავად, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტში ხელმისაწვდომია, თანაც უფასოდ. ჯოელ სპოლსკი მილიონობით დოლარს შოულობს ხარვეზების (ბაგების) გამოვლენის საშუალებით სფეროში, სადაც ასობით კონკურენტი და ძალიან ცოტა ინოვაციაა, ხოლო ჩემი კომპანია - Smart Bear ინსტრუმენტებს ყველაზე მაღალ ფასად ყიდის.

როგორ მოვიპოვეთ ასეთი ავტორიტეტი და რა გზებით მიიღწევა ასეთი შთამბეჭდავი უპირატესობა?

მე გახლავართ ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელიც არ იყო ავტორიტეტი არცერთ სფეროში, თუმცა დღეს ჩემი კომპანია (Smart Bear) როგორც შემოსავლის, ისე იდეების დონეზე ლიდერია ავტომატიზებული კოდის რეცენზირების სფეროში.

მე არ ვიყავი ამ სფეროს ექსპერტი, სანამ მისთვის ინსტრუმენტების შექმნა არ დავიწყე. მეტიც, პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტიც კი არ ვყოფილვარ. არ ვკითხულობდი ლექციებს, არ მქონდა ბლოგი, არ ვწერდი სტატიებს ჟურნალ Dr.Dobbs-ში, არც კი ვიცოდი კოდის რეცენზირების მნიშვნელობა თუმცა, კომპანიამ წარმატებას მაინც მიაღწია

სამწუხაროდ, ავტორიტეტის შექმნას ძალისხმევა და წლები სჭირდება და მისი მოპოვების შემდეგაც წარმატება მეტწილად იღბალთან არის დაკავშირებული.

იბადება კითხვა: ღირს თუ არა ეს ყველაფერი ამდენ შრომად? - პასუხი ერთმნიშვნელოვანია: დიახ, ღირს!

ავტორიტეტს ვერ იყიდი

შეუძლებელია, მოიპოვო ვენჩურული კაპიტალი და გახდე „ავტორიტეტული“ მხოლოდ ერთი წლით. კომპანიას არ აღიარებენ ლიდერად მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. ძალიან ჭკვიანი და განათლებული გიკებიც კი ვერ მოიპოვებენ ავტორიტეტს მარტივად, რადგან ეს სტატუსი არ განისაზღვრება კოდის შექმნის უნარით.

როგორ გვაძლევს ავტორიტეტი მოგებას? განვიხილოთ მაგალითი:

მე ვარ მომხსენებელი ავტომატიზებული კოდის რეცენზირების შესახებ კონფერენციებზე.

ჩემი კონკურენტები ათასობით დოლარს ხარჯავენ შენობასა და რეკლამაში. შემდგომ ისინი მომხსენებლებს სთხოვენ მონაწილეობას და, საბოლოოდ, ცდილობენ მიყიდონ პროდუქტი კონფერენციაზე შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს, რომლებიც დაქირავებულმა ხალხმა შეიტყუა. ამ ადამიანებისთვის სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდნენ, ხშირად დამაბნეველია.

ამავდროულად, მე, როგორც ექსპერტი, გამოვდივარ მოხსენებით და ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრები 100-კაციან აუდიტორიას, რომელიც დაინტერესებულია და ყურადღებით მისმენს. გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, 5-20 ადამიანს სურს

პირადად გასაუბრება. ზოგიერთი მათგანი ღონისძიებას პროდუქტის დემოვერსიის მისაღებად ესწრება. ხშირად დემოს მისაღებშივე ვაძლევ დაინტერესებულ პირებს. ჩვეულებრივ, კონფერენციის შემდეგ სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ ხალხის ხარჯზე, რომლებიც ჩემს გამოსვლას დაესწრნენ და შემდეგ პროდუქტი შეიძინეს, 10-იდან 50 ათას დოლარამდე გამოვიმუშავებ.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ძალიან დიდი შედეგი მოაქვს ასევე ბლოგს, ან წიგნს, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი კითხულობს.

უდავოდ, ავტორიტეტის მიღწევა ძვირი ჯდება და ბევრი დრო მიაქვს, თუმცა ეს უდიდესი და შეუდარებელი კონკურენტული უპირატესობაა.

ოცნების გუნდი

ტექნიკური სტარტაპების ისტორია სავსეა ცნობილი, წარმატებული გუნდებით: გეითსი და ალენი, სტივი და სტივი, პეიჯი და ბრინი, ფრიდი და DHH.

თითოეულ შემთხვევაში სტარტაპის დამფუძნებლები ძალიან ჭკვიანი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს უნარებითა და ცოდნით ავსებდნენ; ისინი კარგად მუშაობდნენ ერთობლივად (სულ ცოტა, წარმატების გარკვეული ეტაპის მიღწევამდე) და უნიკალურ, მძლავრ და (რეტროსპექტიულად) უძლეველ გუნდს წარმოადგენდნენ.

ამ პრინციპს შეუძლია იმუშაოს ნებისმიერი სტარტაპის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, თუ თქვენი მიზნები უფრო მოკრძალებულია, ვიდრე ახალი Google-ის შექმნა.

განვიხილოთ ITWatchDogs-ის წარმატების მაგალითი. ეს არის კომპანია, რომლის შექმნასა და გაყიდვაში პირადად მივიღე მონაწილეობა. ჩვენი ოცნების გუნდის კონცეფცია თავიდანვე მარტივი და გასაგები იყო:

  • განსხვავებული და მრავალფეროვანი უნარები:

ჩვენგან ერთ-ერთს სტარტაპის/ბიზნესის/გაყიდვების სფეროში ჰქონდა გამოცდილება, მე პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი ვიყავი, ხოლო მესამე - აპარატული უზრუნველყოფის სფეროს ექსპერტი იყო.

  • საერთო ხედვა:

თავიდანვე შევთანხმდით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბოლოო პროდუქტი და რომ ჩვენი საბოლოო მიზანი მისი გაყიდვა იქნებოდა.

  • „ინსაიდერული“ ცოდნა:

ჯერის ჰქონდა ანალოგიურ სფეროში სტარტაპის შექმნის გამოცდილება, მე კომპეტენტური ვიყავი აპარატული უზრუნველყოფის ნაწილში, ხოლო მაიკლს ზურგს უმყარებდა ხელმისაწვდომი სქემების და პროცესორების შექმნაში გატარებული ათობით წელი.

ცხადია, ოცნების გუნდი არ არის წარმატების გარანტია, თუმცა ის მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და ართულებს მოწინააღმდეგეების მიერ სტარტაპის კოპირების შესაძლებლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდის წევრი წარმატებულია საკუთარ სფეროში და შექმნილი აქვს ხარისხიანი ბლოგი ან სტარტაპი. ასეთი კონკურენტული უპირატესობის ყიდვა ან შექმნა შეუძლებელია, ასე რომ, მსგავსი ადამიანი გუნდში ძალიან სერიოზული უპირატესობაა.

სახელგანთქმული ადამიანების სწორი მხარდაჭერა

KISSMetrics-ი ჰიტენ შაჰის მესამე კომპანიაა. ერთი შეხედვით, ის მარკეტინგის შემფასებელი მორიგი პროექტია, რომელსაც ბაზარზე ასობით კონკურენტი ჰყავს ყველა მიმართულებით.

ჰიტენი ფლობს უპირატესობას, რომელიც არცერთ მის კონკურენტს არ გააჩნია: ბაზარზე ცნობილი ინვესტორები და მრჩეველები - დეილ მკკლური, შონ ელისი და ერის რაიზი. ეს ადამიანები, გარდა კონფერენციებისა, აქტიურად „აპიარებენ“ KISSMetrics-ს სოციალურ ქსელებსა და საჯარო გამოსვლებში.

რამდენი რეკლამა დასჭირდებათ კონკურენტებს, რომ გადაფარონ ეს უზარმაზარი რესურსი. კონკურენტებს ცნობადი სახეების მხარდაჭერა სურდათ, თუმცა ისინი უკვე „დაკავებულები“ იყვნენ, ნებისმიერ სფეროში კი მსგავსი ავტორიტეტების შეზღუდული რაოდენობაა.

შესაძლოა KISSMetrics-ის ბევრ კონკურენტს მეტი შესაძლებლობა აქვს, თუმცა გაყიდვების სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს.

„მყიდველი მსჯელობს, თუ რომელი ფუნქციონალის ქონა იქნებოდა უკეთესი, რაზეც ჰიტენი პასუხობს: დეივი, შონი და ერიკი თვლიან, რომ ფიქრი არ არის საჭირო და ჩვენი ფუნქციონალი საუკეთესოა, რასაც ცხადყოფს ის 20 კომპანია, რომელთა შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა“.

მხოლოდ ამ მრჩევლების დამსახურებით, ჰიტენმა ასობით (ათასობით თუ არა) მომხმარებელი შეიძინა. ამ ხალხმა ჰიტენს ბანერზე განთავსებული რეკლამის გამო კი არ გამოუცხადა ნდობა, არამედ იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებთანაც ჰიტენი ასოცირდება.

თუ ფულის მოზიდვას ცდილობთ, გახსოვდეთ, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, თქვენ გვერდით, თანადამფუძნებლების ან მრჩევლების სახით, იდგნენ წარმატებული და ავტორიტეტული ადამიანები. ამ სფეროში გაცილებით მეტი ლემინგია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

არსებული კლიენტები

ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც თქვენი პროდუქცია ოდესმე შეუძენია, ძალიან ღირებული აქტივია ბაზრის მარკეტინგული კვლევისთვის. ეს არის უპირატესობა, რომელიც ახალ კონკურენტს ვერ ექნება.

„მე ვუსმენ ჩემს კლიენტებს“, - ისეთივე ყალბი, გაცვეთილი ფრაზაა, როგორც „ეს პროექტი ჩვენი ცხოვრების არსია“; თუმცა თუკი თქვენ მართლა უგდებთ ყურს თქვენს კლიენტებს, მუდმივად ცდილობთ ინოვაციური პროდუქტის შექმნას და განაგრძობთ წინსვლას, ამ ფაქტორების ერთობლიობა სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატესობას მოგანიჭებთ.

კომპანიის წარმატებასთან ერთად მისი იმპულსიც ვითარდება საკუთარი ფილოსოფიის შესაბამისად. ცნობილი და წარმატებული კომპანიის ვექტორის შეცვლა მომხმარებლისთვის ხშირად ძნელად მისაღებია. ეს ლოგიკურია, Smart Bear-ს 35 000 მომხმარებელი ჰყავს, ინტერფეისის ან ტიპური პროცესის მკვეთრი ცვლილება მათთვის ზედმეტად ხისტი სიახლეა. ასე რომ, ერთბაშად ბევრი ცვლილება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზეც კი, მომგებიანი არ არის.

37signals-ის მსგავსი მოდური და მოქნილი კომპანიებიც კი გაბმულან მახეში. ისინი იმდენად დარწმუნებულები იყვნენ პროცესების გამჭვირვალობასა და საკუთარ ფილოსოფიაში - „აკეთე ნაკლები“, რომ ახლა ვეღარ ახერხებენ ისეთ ბაზრებზე დამკვიდრებას, სადაც ასეთი მიდგომა ეფექტიანი არ არის. მაგალითად, ტრადიციული გაყიდვების მსხვილ კომპანიაში Highrise-ის გამოყენება შეუძლებელია. ზოგს ჰგონია, რომ სისტემის უზრუნველყოფის ანგარიშები, გეოგრაფიული დომენების და კომპანიის ინტეგრირებული მენეჯმენტი ზედმეტი სირთულეებია, თუმცა სინამდვილეში რთული სწორედ Highrise-ია.

რა თქმა უნდა, მსოფლიო და, მათ შორის, თქვენი კლიენტები იცვლებიან. როგორც წესი, ეს ათავისუფლებს სივრცეს ახალი კონკურენტისთვის, მაგრამ თუ თქვენ გამაგრებული გაქვთ საკუთარი პოზიციები, შეგიძლიათ შიდა ინფორმაციისა და შემოსავლის წყაროები გაფართოება, შედეგად გაზრდილ შემოსავალსა და ცნობადობას მიიღებთ. კმაყოფილი კლიენტები ნაცნობებს მოუყვებიან თქვენ შესახებ და კომპანიის პოპულარობას გაზრდიან. თქვენი უპირატესობაა თანამშრომლების რესურსი ახალი პროექტების განსახორციელებლად, მეტი გამოცდილება და ინფორმაცია კლინეტების საჭიროებების შესახებ.

ახალი კონკურენტი ძალისხმევას არ დაიშურებს ნებისმიერი ამ უპირატესობის მოსაპოვებლად. წარმოიდგინეთ, რამხელა სისულელეა მათი არგამოყენება!

Zoho-მ შემდეგნაირად ახსნა, თუ რატომ არ ადარდებს ის ფაქტი, რომ Microsoft-ი მისი პირდაპირი კონკურენტი გახდა.

„კონკურენცია არ ღუპავს კომპანიებს, როგორც წესი, ისინი თავად პოულობენ „კრეატიულ“ გზებს თვითმკვლელობის ჩასადენად. Office 2010 იმ შემთხვევაში იქნება Zoho-ს დასასრული, თუკი ჩვენ შევწყვეტთ ინოვაციების შექმნას, აღარ ვიქნებით მარდები და მოქნილები ჩვენს ბიზნეს მოდელში. თუ ეს მოხდება, ჩვენ ისედაც მოვკვდებით, Office 2010-ის გარეშეც.

37signals-ი საკუთარი ფილოსოფიის მახეში გაება, მსგავსი შეცდომა თქვენ არ უნდა დაუშვათ!

იმოქმედეთ და გაიმარჯვეთ

იმიტაცია პირფერობის გულწრფელი ფორმაა და ეს გამაღიზიანებელია.

თქვენ შეგიძლიათ ამას ებრძოლოთ, თუმცა საუკეთესო მეთოდი ისეთი უპირატესობების ფლობაა, რომელთა მიბაძვაც შეუძლებელია.

ნუ დაკარგავთ იმედს, თუკი ასეთი უპირატესობა ჯერ არ გაქვთ. როდესაც Smart Bear-ი შევქმენი, არც მე მქონდა უსამართლო კონკურენტული უპირატესობები, თუმცა სწორი მიმართულებით ვმუშაობდი და შედეგმაც არ დააყოვნა.

წყარო:

https://blog.asmartbear.com/unfair-advantages.html?fbclid=IwAR3jFlQmMArXd-_C3xNwBmjlBv_iZ0XdmZDx4fCIzaAtWkGn-Nj4K-6H92Q

ბლოგის სხვა თემები

Apple-ი საკრედიტო ბარათის ციფრულ და ფიზიკურ ვერსიებს უშვებს

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების...

გაიგე მეტი

ინტერნეტ გიგანტები საბანკო ბიზნესით დაინტერესდნენ

Google-მა ლიეტუვასადაირლანდიაში საგადახდო სერვისების განხორციელების ლიცენზია მიიღო. Alipay-მ, Alibaba-სფინანსურმა ბიზნესმა, ანალოგიური უფლება ლუქსემბურგში მოიპოვა, ხოლო Facebook-იასეთ ლიცენზიას 2017 წლიდან ფლობს.

გაიგე მეტი

TransferWise-ი ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ფინტექ სტარტაპია

TransferWise-ს 5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად კომპანია ჯამში 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ტრანზაქციებს ამუშავებს.

გაიგე მეტი