რა არის SWIFT?

ფულის გადარიცხვა ერთი ქვეყნიდან მეორეში დღესდღეობით ძალიან მარტივია. ჩვენ მივდივართ ბანკში და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ვგზავნით თანხას, რომლის გამოტანასაც ადრესატი მეორე ქვეყანაში გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუმცა კი, მალევე ახერხებს. 

მომხმარებლებისთვის ეს ყველაფერი მარტივი პროცესია, თუმცა, რომ არა კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტი, ტრანზაქცია ასეთი მარტივი ვერ იქნებოდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა SWIFT - მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება. 

ეს არის შეტყობინებების ერთგვარი ფართო ქსელი, რომელსაც ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ინფორმაციის სწრაფად, ზუსტად და უსაფრთხოდ გასაგზავნად და მისაღებად  იყენებენ (თუნდაც ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ფულის გადარიცხვის ინსტრუქციები). 

და მაინც, როგორ მუშაობს SWIFT?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, SWIFT არის შეტყობინებების ფართო ქსელი, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ინფორმაციისა და ინსტრუქციების უსაფრთხოდ გადასაცემად კოდების სისტემის მეშვეობით.SWIFT თითოეულ ფინანსურ ორგანიზაციას ანიჭებს უნიკალურ, საიდენტიფიკაციო კოდს, რომელსაც აქვს რვა ან 11 სიმბოლო. იმის გასაგებად, თუ როგორ ენიჭება ინსტიტუტს კოდი, მოდით გადავხედოთ იტალიურ ბანკს UniCredit Banca, რომლის სათავო ოფისი მილანში მდებარეობს. მას აქვს 8-სიმბოლოიანი SWIFT კოდი - UNCRITMM.3 

როგორ იშიფრება ეს?

პირველი ოთხი სიმბოლო: ინსტიტუტის კოდი (UNCR - UniCredit Banca-სთვის)

შემდეგი ორი სიმბოლო: ქვეყნის კოდი (IT - იტალიის ქვეყნის)

შემდეგი ორი სიმბოლო: მდებარეობა/ქალაქის კოდი (MM მილანისთვის)

ბოლო სამი სიმბოლო: არასავალდებულო, მაგრამ ორგანიზაციები იყენებენ მას ცალკეულ ფილიალებს კოდების მისაცემად.

დავუშვათ, ამერიკის ბანკის (BAC) ფილიალის კლიენტს ნიუ-იორკიდან ფულის გაგზავნა თავისი მეგობრისთვის სურს, რომელიც ვენეციაში იმყოფება და იტალიის UniCredit Banca-ს იყენებს. ნიუ-იორკის მომხმარებელს შეუძლია, შევიდეს ამერიკის ბანკის ფილიალში მეგობრის ანგარიშის ნომრით და UniCredit Banca-ს უნიკალური SWIFT კოდით ვენეციის ფილიალში გადარიცხოს თანხა. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს SWIFT კოდი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და თანხის ტრანზაქციისთვის დადასტურებისთვის არსებობს და რომ ცალკეულად SWIFT შეტყობინებების სისტემაა და არ ფლობს რაიმე ტიპის სახსრებს, ფასიან ქაღალდებს და არც კლიენტის ანგარიშებს მართავს. 

ვინ იყენებს SWIFT-ს?

  • ბანკები
  • საბროკერო ინსტიტუტები და სავაჭრო სახლები
  • ფასიანი ქაღალდების დილერები
  • აქტივების მართვის კომპანიები
  • საანგარიშო სახლები
  • დეპოზიტორები
  • ბირჟები
  • კორპორატიული ბიზნეს სახლები
  • სახაზინო ბაზრის მონაწილეები და სერვისის პროვაიდერები
  • სავალუტო და ფულის ბროკერები

მსოფლიო SWIFT-ამდე

SWIFT-მდე Telex იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება შეტყობინების დადასტურებისთვის ფულის საერთაშორისო მასშტაბით გადარიცხვისთვის. Telex-ს ახასიათებდა დაბალი სიჩქარე და უსაფრთხოების პრობლემები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელექსს არ გააჩნდა კოდების ერთიანი სისტემა ბანკების დასახელებისა და ტრანზაქციების აღწერისთვის. ტელექსის გამგზავნებს უნდა აღეწერათ ყოველი ტრანზაქცია წინადადებებით, რამაც, საბოლოო ჯამში, მრავალი ადამიანური შეცდომა გამოიწვია. 

ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად 1973 წელს ჩამოყალიბდა SWIFT სისტემა. ექვსმა მსხვილმა საერთაშორისო ბანკმა ჩამოაყალიბა კოოპერატიული საზოგადოება გლობალური ქსელის ფუნქციონირებისთვის, რომელიც გადასცემდა ფინანსურ შეტყობინებებს უსაფრთხოდ და დროულად.

და მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე არსებობს სხვა შეტყობინებების სერვისები, როგორებიცაა: Fedwire, Ripple და Clearing House Interbank Payments System (CHIPS), SWIFT აგრძელებს ბაზარზე დომინანტური პოზიციის შენარჩუნებას. მისი წარმატება განპირობებულია იმით, რომ ის მუდმივად ამატებს ახალი შეტყობინების კოდებს სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციების გადასაცემად.

რა ხდება, როცა ქვეყანა SWIFT-დან ითიშება?

ამ შემთხვევაში კონკრეტულ ქვეყანას აღარ შეუძლია, გამოიყენოს SWIFT კოდი სხვა ქვეყანაში ტრანზაქციების განსახორციელებლად ან მისაღებად. შედეგად, შეწყდება ამ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შედინება და, რასაკვირველია, ამავე ქვეყნის ვალუტის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ დროს კი ეროვნული ვალუტა არამხოლოდ უფასურდება, არამედ ეცემა იმ პროდუქციის ღირებულებაც, რომლითაც ეს ქვეყანა ვაჭრობდა. ეს კი იმიტომ, რომ ქვეყანა ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანას და მისი რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. საბოლოო ჯამში კი, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაუარესდება.

დასკვნა

და ბოლოს, ცნობილია, რომ 2021 წელს 11 000 ფინანსური დაწესებულება დღიურად 42 მილიონამდე შეტყობინებას გზავნიდა ქსელის მეშვეობით, რაც 2020 წელთან შედარებით 11,4%-იან ზრდას აჩვენებს. 

შესაბამისად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაწევრიანებული იყოს SWIFT-ის სისტემაში. და მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ქვეყნებს თავიანთი, მსგავსი სისტემები გააჩნიათ, ისინი თავიანთი ოპერირებით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან SWIFT-ის სისტემას. 


ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×