როგორი იყო ფინტექ ინდუსტრიისთვის 2021 წელი

2021 წელი ფინტექ ინდუსტრიისთვის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გამორჩეული იყო. ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად გაციფრულებამ და ფინანსურ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის გაზრდამ მსოფლიოს უფრო მეტად დაანახა ფინტექების საჭიროება და მათი მნიშვნელობა. რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე ქართული ფინტექის საერთაშორისო წარმატებამ და მოზიდულმა ინვესტიცებმა, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატება, ცალსახად მოუტანა აღიარებაც და პოპულარობაც ქართულ სტარტაპებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალ წლებში კომპანიებს გაცილებით უფრო გაუმარტივდებათ ინვესტორებთან ურთიერთობა და მათი დაინტერესება რადგან ცნობადობის გაზრდის კუთხით პირველი ნაბიჯები უკვე გადაგმულია. გარდა ამისა, საფუძველი ჩაეყარა ღია ბანკინგის რეფორმას, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ საბანკო სექტორისთვის ამოქმედდა, თუმცა ბიზნესის მოლოდინებით მისი ამოქმედება წელსვე უნდა მომხდარიყო. 2022 წლის მთავარი სიახლე და პროგნოზი, სწორედ Open Banking-ის ამოქმედება იქნება ფინტექ კომპანიებისთვის, რაც უფრო მეტ ინოვაციურ პროდუქტს გააჩენს ბაზარზე. 

“2021 წელი მთლიანად საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდავოდ ყველაზე წარმატებული წელი იყო და მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი სტარტაპებისთვის. ფინტექის ინდუსტრია ლიდერობს ინოვაციების სააგენტოს საგრანტო პროგრამებში როგორც მთლიანად განაცხადებში, ასევე გამარჯვებულთა შორისაც. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს პირველად საერთაშორისო ტოპ აქსელერატორში Ycombinator-ში პირველად მოხვდა ქართული სტარტაპი Payze, რომელიც სწორედ ფინტექ მიმართულებით მუშაობს და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კერძო ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში. ვფიქრობ 2022 წელს კიდევ უფრო მეტი სტარტაპი შეიქმნება ფინტექტის მიმართულებით და ინოვაციების სააგენტო მაქსიმალურად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოვიდა სილიკონის ველიზე მოქმედი საერთაშორისო ვენჩურული ფონდი “კატაპულტი” 50 მილიონ დოლარიანი ფონდით და ეს დამატებითი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება საქართველოში სტარტაპების შემდგომი განვითარების პროცესში”- განაცხადა GITA-ს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ. 

რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოყო საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა:

„2021 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 7 ფინტექ კომპანია დააფინანსა, რაც გასულ პერიოდთან შედარებით ნამდვილად მნიშვნელოვანი მატებაა. აუცილებლად უნდა გამოვყოთ 2021 წელს Payze-ს წარმატება, რაც ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და უცხოეთის, მათ შორის უზბეკეთის ბაზარზე შესვლას გულისხმობს. ასევე 2021 წელს დაიწყო ღია ბანკინგის რეგულაცია და უკვე რეფორმის 3 ფაზა განხორციელდა ბანკებს შორის მონაცემების გამოყენების კუთხით - უკვე ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირების მონაცემები და API სერვისი ფიზიკური პირების ანგარიშებიდან გადარიცხვების განხორციელებისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამავე წელს ველოდით ფინტექებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის შექმნას, რასაც მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით. ვიმედოვნებთ, 2022 წელი უფრო მეტად გარდამტეხი და სასარგებლო იქნება ფინტექებისთვის ღია ბანკინგის ხელმისაწვდომობის კუთხით“ - აღნიშნა მან.

ფინტექ ინდუსტრიის წლის შეფასება ვთხოვეთ დავით კიკვიძესაც, რომელიც ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელია.

„2021 წელი საქართველოს ფინტექ ინდუსტრიისთვის ნამდვილად შეიძლება წარმატებულ პერიოდად ჩაითვალოს. საქართველოში არსებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულებს შორის უმრავლესობა ფინტექ კომპანიები იყვნენ, მათ შორის Payze, Kvalifika, Optio.ai და ა.შ ასევე აღსანიშნავია პირველად კრიპტოში მოზიდული ინვესტიცია, რომელიც კომპანია Citypay.io განახორციელა. საინტერესო გარიგებებიც მოხდა ფინტექ სფეროში, მათ შორის ამერიკული spincar-ის მიერ ქართული ფინტექ კომპანია pulsar.ai-ის შეძენა, რაც კიდევ ერათხელ ადასტურებს საერთაშორისო კომპანიების ინტერესებს ქართული ბაზრის მიმართ.“ - აღნიშნა მან.


ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×