felp.io

ფინანსისტების საქმიანობა ხშირად უამრავი რუტინული სამუშაოთია დატვირთული. არის შემთხვევები, როდესაც გასული თვეების მაჩვენებლების შესწორება ხდება, რაც არაერთი ოპერაციის თავიდან შესრულებას მოითხოვს. შოთა კვარაცხელია Felp.io-ს თანადამფუძნებელია და როგორც თავად გვიყვება, ფინანსურ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ბევრ ისეთ პრობლემატურ საკითხზე უწევდა დროის დახარჯვა, რომლის გადაჭრაც გაციფრულებით იყო შესაძლებელი. აქედან გაჩნდა ციფრული ასისტენტის შექმნის იდეა, რომელიც ყოველდღიური რუტინის ავტომატიზაციას გულისხმობს. ფინანსური ანგარიშგების მომზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რომელიც ფინანსისტებისთვისაც და მენეჯმენტისთვისაც მნიშვნელოვანია. ალგორითმის დახმარებით, მენეჯერები მუდმივად განახლებად ანგარიშებსა და ფინანსურ ინფორმაციას მიიღებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გადაწყვეტილებების მიღებას უფრო დიდი დრო დაუთმონ, ვიდრე რუტინულ სამუშაოს. 

„ფინანსისტები, როგორც წესი ბრუნვით უწყისს Excel-ის ფორმატში იღებენ. მათ შეუძლიათ ეს ფაილი Felp.io-ზე ატვირთონ და სისტემა ოთხივე ფინანსურ უწყისს ავტომატურად დააგენერირებს, მათ შორის: მოგება/ზარალს, ბალანსს, Cash Flow-სა და კაპიტალის ბრუნვას. ამის გარდა, ჩვენი ალგორითმი ფინანსურ ანალიზსაც გულისხმობს. ფაილის ატვირთვის შემდეგ ის თავად ითვლის ფინანსურ კოეფიციენტებს და ძირითადი პარამეტრების ცვლილებას, მათ შორის დროის სხვადასხვა პერიოდშიც. შეგიძლიათ თვეების ან წლების მიხედვით ატვირთოთ უწყისები და Felp.io დინამიკაში გაჩვენებთ, როგორ იცვლებოდა კომპანიის ფინანსური მონაცემები (აქტივები, ვალდებულებები და ა.შ)“ - გვიყვება შოთა.

მისი თქმით, Felp კომპანიის ღირებულებასაც აფასებს და ამ მონაცემებს Cloud-ზე ტვირთავს, შესაბამისად ამ ინფორმაციაზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია როგორც მენეჯერს, ისე ფინანსურ ხელმძღვანელს ან ბუღალტერს.

„საქართველოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ბუღალტერმა შეიძლება ისე გააკეთოს გატარება, რომ აქტივში კრედიტული ნაშთი აღმოჩნდეს, ან ვალდებულებას ჰქონდეს დებეტური ნაშთი. ეს ყველაფერი ფინანსურ მაჩვენებლებში დისბალანსს იწვევს და არ არის სწორი პრაქტიკა, ჩვენი ალგორითმი ამასაც ასწორებს და საბოლოოდ ბალანსი სწორად ჯდება“ - ამბობს შოთა.

ამჯერად Felp-ის გამოყენება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა, პლატფორმა 1 სექტემბერს გაეშვა და უკვე 120-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. იანვარში ვებ-გვერდს ახალი ფუნქციები დაემატება და ფინანსური ასისტენტიც უფრო სრულყოფილი გახდება. როგორც მისი დამფუძნებლები გვიყვებიან, უკვე მოახერხეს რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება, შესაბამისად დაინტერესება უკვე არსებობს პოლონელი და ჩეხი ინვესტორებისგან.

„ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას GITA-ს 650,000 ლარიან თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაში. უკვე დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა, რომლის Beta ვერსიაც სავარაუდოდ, 15 იანვრამდე ჩაეშვება. გვსურს ციფრული ტრანსფორმაციის Tool Kit შევქმნათ ნებისმიერი სავაჭრო ბიზნესისთვის. მათ შორის იქნება მოდულები საწყობისთვის, შესყიდვებისთვის, ყიდვა/გაყიდვისთვის როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ მაღაზიებისთვის.  ჩვენ ვცდილობთ კომპანიებისთვის ტექნიკური სამუშაოები მაქსიმალურად შევამციროთ და გავაციფრულოთ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომსახურება ამ ნაწილშიც უფასო გავხადოთ და მხოლოდ გაყიდული ტრანზაქციიდან მივიღოთ გარკვეული შემოსავალი. ამით, კომპანია მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება გაყიდვებზე და ბიზნესის გაციფრულებისთვის ინვესტიციის განხორციელება საერთოდ არ მოუწევს“ - ამბობს შოთა. 

როგორც თავად გვიყვება, ამჟამად Felp.io სრული დატვირთვით მუშაობს და მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მომხმარებელს ვებ-გვერდზე ვიდეო Tutorial-ებიც შეხვდება, რომელიც მისი ფუნქციონირების დეტალებს მარტივი და გასაგები ენით გადმოსცემს. 


ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×