ელექტრონული კომერცია 101: ბიზნესის მოდელები

რა არის ელექტრონული კომერცია?

ელექტრონული კომერცია არის სავაჭრო პროცესი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება.

ტექნოლოგიურმა პროგრესმა რადიკალურად შეცვალა ბიზნესის მართვის გზები. უამრავმა ბიზნესმა გლობალური მასშტაბით დაიწყო ვაჭრობა და პროდუქცია მიაწოდა მომხმარებლებს ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არც კი უოცნებიათ.

ბიზნესი, რომელიც ელექტრონული კომერციის საშუალებით მუშაობს, სხვადასხვა ტიპისაა:

B2B ელექტრონული კომერცია

ელექტრონული კომერციის B2B მოდელი გულისხმობს პროდუქციის და მომსახურების სხვა ბიზნესისთვის მიწოდებას. ასეთი მოდელის მაგალითებია: ონლაინ ბაზრები, SAAS კომპანიები და ისეთი ვებგვერდები, როგორიცაა Alibaba.com.

B2C ელექტრონული კომერცია

ეს არის ყველაზე გავრცელებული ელექტრონული კომერციის მოდელი - ბიზნესი პროდუქტს პირდაპირ მომხმარებელს აწვდის, შუამავალის გარეშე. ეს ბიზნესი ტრადიციული საცალო ვაჭრობითაა დაკავებული, უბრალოდ, ყიდვა-გაყიდვის პროცესი ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება. ამ მოდელის მაგალითებია: Amazon.com, Groupon, Aliexpress;

C2C ელექტრონული კომერცია

ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს პროდუქცია სხვა მომხმარებლებს მიჰყიდონ. ეს პროგრამა იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ პროდუქტის გამყიდველი, ამავდროულად, მისი მომხმარებელიცაა. ასეთი საიტები შემოსავალს რეკლამით ან გაყიდვებიდან აღებული საკომისიოთი გამოიმუშავებენ. მაგალითები: OLX, Letgo, Kickstarter და უკვე ნახსენები Amazon.com.

C2B ელექტრონული კომერცია

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესი პროდუქციას და მომსახურებას მომხმარებლისგან ყიდულობს. ეს მოდელი, ძირითადად, გულისხმობს freelance მომსახურებას და სპეციალიზებულ პროდუქციას. C2B-ს მაგალითებია ისეთი recommerce საიტები, როგორიცაა: Cashify, freelance, Upwork და ა. შ.

ამ ოთხი მოდელის გარდა, ელექტრონული კომერციით დაკავებულ ბიზნესს ბევრი სხვა კლასიფიკაციაც აქვს, თუმცა ყველა დანარჩენი სწორედ მათგან გამომდინარეობს.

ელექტრონული კომერციის ბიზნესმოდელი

ელექტრონული კომერციის ბიზნესმოდელი არის თქვენი b2b, b2c, c2c ან c2b ბიზნესსტრატეგიის კონცეპტუალური სტრუქტურა. ეს ცნება მოიცავს კომპანიის მიზნებს, ამოცანებს და მათი მიღწევის გზებს.

ელექტრონული ბიზნეს მოდელის კლასიფიკაცია შემდეგნაირია:

  • პირდაპირი მიწოდება
  • საბითუმო ვაჭრობა და პროდუქციის შენახვა
  • White-labeling-ი და წარმოება

პირდაპირი მიწოდება

ეს არის ბიზნეს მოდელი, როდესაც საცალო ვაჭრობისას არ გიწევთ ფიქრი პროდუქციის მიწოდებაზე. მოდელი ითვალისწინებს თანამშრომლობას საბითუმო პროდუქციის მიმწოდებელ კომპანიასთან, რომელიც თქვენს პროდუქციას შეინახავს და მას თქვენი სახელით მიაწოდებს მომხმარებელს.

თქვენი მოვალეობაა, შექმნათ პლატფორმა, სადაც დაიდება გასაყიდი პროდუქცია და იზრუნოთ მარკეტინგზე. შენახვა და მიწოდება პარტნიორი კომპანიის მოვალეობაში შედის. ბუნებრივია, ეს არის დამატებითი ხარჯი, თუმცა მაინც გაცილებით უკეთესია, ვიდრე შესაბამისი პროდუქციის დამოუკიდებლად შენახვა გარანტირებული მოთხოვნის გარეშე.

ელექტრონული კომერციის ასეთი ბიზნესმოდელი შესაბამისია ბიზნესისთვის, რომელსაც:

  • არ აქვს საკმარისი თანხა და ადგილი პროდუქციის შესანახად
  • ურჩევნია მობილურობა კონკრეტულ ადგილზე გაჩერებას
  • ურჩევნია მარკეტინგზე აქცენტის გაკეთება

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც ეს მოდელი მოიცავს:

  • ბევრი კონკურენტი
  • იმის გამო, რომ იმავე პროდუქტს ბევრი სხვა ბიზნესიც ყიდის, მოგების მარჟა დაბალია
  • დამოკიდებულება მიმწოდებელ პარტნიორზე

როგორ მუშაობს პირდაპირი მიწოდების სისტემა?

ეს არის ბიზნესმოდელი, როდესაც თქვენ საკუთარი ორგანიზაციის ბრენდის შექმნასა და მარკეტინგზე კონცენტრირდებით, პროდუქტის მიწოდებაზე კი სხვა კომპანია ზრუნავს.

პარტნიორი კომპანია იღებს თქვენგან ინსტრუქციებს, როდის და სად უნდა მიიტანოს პროდუქცია. კომუნიკაციის ფორმა თქვენზეა დამოკიდებული და რეგულირდება კონტრაქტით.

როგორ დავიწყოთ ასეთი ბიზნესი?

არსებობს ბევრი „პირდაპირი მიწოდების“ ბიზნესსაიტი: Shopify, Aliexpress და ა. შ.

საბითუმო ვაჭრობა და პროდუქციის შენახვა

აღნიშნულ ბიზნესთან შედარებით ეს მოდელი უფრო მარტივია და, ჩვეულებრივ, საბითუმო ვაჭრობის ანალოგიური პრინციპი გამოიყენება. თქვენ ყიდულობთ პროდუქტს დაბალ ფასად მწარმოებლისგან ან გადამყიდველისგან, გარკვეული დროით ინახავთ პროდუქციას და მომგებიან, მისაღებ ფასად ყიდით. ეს მისაღები მოდელია იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებსაც პროდუქციაზე სტაბილური მოთხოვნა აქვთ.

ამ მოდელის დამკვიდრებას ბევრი ინვესტიცია და ზედამხედველობა სჭირდება. ეს მოდელი შესაფერისია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც:

  • სურთ აკონტროლონ საკუთარი ბიზნესის ყველა ასპექტი
  • სურთ, რომ ექსკლუზიურად მიუწვდებოდეთ ხელი კონკრეტულ პროდუქციაზე
  • სურთ, რომ ჰქონდეთ გარანტირებული მოთხოვნა პროდუქტზე
  • ხელს აძლევთ b2b სისტემა

თუმცა აქაც არსებობს რიგი შეზღუდვები:

  • ბევრი წინასწარი ინვესტიცია(ავანსით)
  • მოთხოვნის დაცემის შემთხვევაში შესაძლო წაგება
  • მოგება დამოკიდებულია გაყიდვების მოცულობაზე

საბითუმო ვაჭრობის და შენახვის მოდელის მაგალითები

DollarDays, რომლის კატალოგიც 26 000 პროდუქტზე მეტს მოიცავს, ამ ბიზნესმოდელის იდეალური მაგალითია.

White Labeling (თეთრი იარლიყი) და წარმოების მოდელი

იდეალური ბიზნესმოდელი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი თანხა საკუთარი პროდუქციის წარმოებისათვის. ეს მოდელი წარმოების „აუთსორსინგის“ საშუალებას იძლევა და, ამავდროულად, შესაძლებელს ხდის პროდუქციის ეტიკეტზე მიუთითოთ თქვენი კომპანია, როგორც მწარმოებელი.

ელექტრონული კომერციის ეს ბიზნესმოდელი მომგებიანია, რადგან შესაძლებელია „აუთსორსინგ“ კომპანიის უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება.

ეს მოდელი შესაფერისია იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც:

  • სურთ პროდუქტთან დაკავშირებული პროცესები სრულად აკონტროლონ
  • იმუშაონ პროდუქციაზე, რომელსაც ბევრი კონკურენტი ყიდის

შეზღუდვა ამ მოდელის შემთხვევაშიც არსებობს: საჭიროა მექანიზმის შემუშავება ხარისხის შენარჩუნებისა და მონიტორინგისათვის.

როგორ დავიწყოთ White Labeling ბიზნესი?

Sourcify აქტიურად მუშაობს ამ ბიზნესმოდელის ხელშეწყობისთვის.

ელექტრონული კომერციის შემოსავლის მოდელი

ელექტრონული კომერციის შემოსავლების გეგმა სხვადასხვაგვარი არსებობს:

პირდაპირი გაყიდვების მოდელი

ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოდელი ელექტრონული კომერციის სფეროში. ეს მოდელი მოიცავს საკუთარ საიტზე ან ონლაინ პლატფორმაზე პროდუქციის გასაყიდად განთავსებას. პროდუქტი იგზავნება თანხის გადახდის შემდეგ.

Freemium მოდელი

ეს არის SaaS პროვაიდერებში გავრცელებული მოდელი, რომელიც საშუალებას იძლევა მათი პროგრამული უზრუნველყოფის გარკვეული სერვისები უფასოდ მოსინჯოთ, თუმცა გაფართოებული ვერსიით დაინტერესების შემთხვევაში თანხა უნდა გადაიხადოთ.

გამოწერის მოდელი

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია, თუ როგორ შეინარჩუნოთ მომხმარებლები და გქონდეთ სტაბილური შემოსავალის წყაროები. კომპანიები, რომლებიც ამ მოდელს იყენებენ, პროდუქციას აწოდებენ მომხმარებელს და სერვისებისთვის თანხას კონკრეტული, გაწერილი განრიგის მიხედვით იღებენ.

ამ მოდელის იდეალური მაგალითია Dollar Shave Club-ი.

საკრედიტო მოდელი

ეს მოდელი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, თუმცა ამ ბოლო დროს მან დანარჩენ მსოფლიოშიც მოიკიდა ფეხი. ეს არის პრინციპი - „შეიძინე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“, რაც გულისხმობს პროდუქტის შეძენას კრედიტით.

ბრიტანულმა ტანსაცმლის მაღაზიამ - Next-მა ამ მოდელის ათვისების შემდეგ შთამბეჭდავი შედეგი მიიღო.

წყარო:
https://www.feedough.com/ecommerce-101-ecommerce-business-revenue-models/

ბლოგის სხვა თემები

Unipay-ს ისტორია

გაიგე მეტი

როგორ მუშაობს Payment Gateway?

როგორ მუშაობს Payment Gateway?

გაიგე მეტი

რა არის MVP?

გაიგე მეტი