განაგე - ფინტექი, რომლის დახმარებითაც თქვენს სადაზღვევო პოლისს განაგებთ

„დაზღვევის დემოკრატიზაცია“ - ეს არის სტარტაპ Ganage-ს სლოგანი, რომელიც მიზნად  საქართველოში უნიკალური გამოცდილების დანერგვას ისახავს. კომპანიის დამფუძნებელი არჩილ გომიაშვილი ფინტექის იდეას შემდეგი მაგალითით გვიხსნის:

„როდესაც მაცივარს ყიდულობთ პირველ რიგში არჩევთ მის ზომას და მახასიათებლებს, მიდიხართ ტექნიკის მაღაზიაში და ბრენდის და ფასის მიხედვით აკეთებთ არჩევანს. თუ საჭიროზე დიდი ზომის მაცივარს შეიძენთ, სახლში ვერ დადგამთ, თუ საჭიროზე პატარას, პროდუქტი არ დაგეტევათ. ასეა სადაზღვევო პოლისის შემთხვევაშიც, აუცილებელია ზუსტად თქვენზე მორგებული პაკეტი შეიძინოთ, რომელიც თანხობრივადაც გაწყობთ და ფუნქციებითაც. ჩვენს პლატფორმაზე, Gana.ge-ზე სწორედ ამის არჩევა შეეძლება მომხმარებელს“ - გვეუბნება არჩილი.

მისი თქმით, მომხმარებელი ვებ-გვერდზე მისთვის სასურველი პირობების შერჩევას შეძლებს, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ კი მისი მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიებს გაეგზავნებათ, რომლებიც შესაბამისი შეთავაზებით დაუბრუნდებიან კლიენტს, ის კი ფასისა და პირობების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. სახელის იდეაც აქედან წამოვიდა, რათა მომხმარებელმა შეძლოს და საკუთარი სურვილის მიხედვით „განაგოს“ სადაზღვევო პოლისი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებები როგორც საცალო, ისე კორპორატიული კლიენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

„გუნდის დამფუძნებლების თითქმის ყველა წევრი სადაზღვევო სფეროში ვმუშაობდით, მივხვდით, რომ გაციფრულებით და ტექნოლოგიების დახვეწით მისი ახალ ეტაპზე გადაყვანა შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო სექტორი ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალოდ 14%-ით იზრდება, პენეტრაციის დონე მაინც ძალიან დაბალია. მაგალითად, საქართველოში არსებული ავტომობილების მხოლოდ 9%-მდეა დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“ - ამბობს არჩილი.

Gana.ge მხოლოდ შეთავაზებისთვის არ იქნება განკუთვნილი და ის ინფორმაციის მიწოდების ფუნქციასაც შეითავსებს.

„კონტრაქტის შევსების დროს მომხმარებელს უამრავი გაუგებარი დეტალი თუ ტერმინი ხვდება, ჩვენ საშუალებას მივცემთ თითოეულ მათგანზე 10 წამიანი მოკლე ვიდეო ნახოს, რითიც მის შინაარს უკეთ გაიგებს, თუ ეს არ იქნება დამაკმაყოფილებელი უფრო ვრცელ განმარტებასაც მივაწვდით.“ - გვიყვება არჩილი.

პირველი დიდი მიზანი უკვე მიღწეულია, 11 კაციანმა გუნდმა შეძლო და GITA-ს 100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა, რაც სტარტაპს სწრაფად განვითარებაში დაეხმარება. პირველ შეკვეთას, სავარაუდოდ ნოემბერში მიიღებენ, მანამდე კი ცდილობენ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიით ცნობიერება აამაღლონ და მეტ ინფორმირებულობას შეუწყონ ხელი. როგორც არჩილი ამბობს, ბაზარზე არსებული სადაზღვევო კომპანიების თითქმის სრული უმრავლესობა უკვე მათ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი, რაც არჩევის დროს დიდ კონკურენციას და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

 

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×