რა პოტენციალი აქვს საქართველოს ფინტექ ეკოსისტემას

2020 წელი რომ გარდამტეხი იყო ელ.კომერციისთვის და ფინტექებისთვის, ამაზე მსოფლიო დიდი ხანია შეთანხმდა. 2020-2021 წლებში ისეთი პროცესები დაჩქარდა, რომელსაც საკმაოდ ძლიერი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდება. VISA-სთან ჩაწერილმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს ფინტექ და ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემას. რიცხვები და უკვე წარმატებული სტარტაპ ისტორიები ცხადყოფს, რომ ელ.ვაჭრობა, უკონტაქტო გადახდები და ციფრული პროდუქტები სულ უფრო მეტად პოპულარული გახდება, რაშიც ფინტექებს გადამწყვეტი როლი მიენიჭება. თუ კომპანიები მსგავსი სერვისების განვითარებაზე ზრუნვას ახლა არ დაიწყებენ, მომავალში შესაძლოა უკვე ძალიან გვიანი აღმოჩნდეს.

-დიანა, თქვენ ცოტა ხნის წინ დაინიშნეთ VISA-ს რეგიონულ მენეჯერად კავკასიაში, თუმცა საქართველოს ბაზარს აქამდეც აქტიურად აკვირდებოდით. როგორ შეაფასებდით 2020-2021 წლებში განხორციელებულ ცვლილებებს უკონტაქტო გადახდების ბაზარზე

-ცხადია შარშანდელი წელი ყველასთვის განსხვავებული და გამოწვევებით სავსე იყო. გამონაკლისი არც ელექტრონული გადახდები ყოფილა. ელ.კომერცია ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა და 2021 წელსაც ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. ცხადია, საქართველო გლობალურ ტრენდს მიჰყვა და გასულ წელს სექტორი 25%-ით გაიზარდა და ალბათ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარი აბსოლუტურად მზად აღმოჩნდა გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადახდებში მომხმარებლებს მნიშვნელოვანი პრობლემები და ხარვეზები არ ჰქონიათ. ჩვენი ინფორმაციით, საქართველო ტოპ 3 ქვეყანაში შედის უკონტაქტო გადახდებით ერთ სულ მოსახლეზე, ამით ძალიან ვამაყობთ. 10-დან 9 გადახდა უკონტაქტო გადარიცხვით სრულდება რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. გარდა ამისა, გასულ წელს ტრანზაქციების რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა. რიცხვები გვაჩვენებს, რომ დღითიდღე ადამიანები უფრო აქტიურად იყენებენ სადებეტო და საკრედიტო ბარათებს.

 

მომდევნო კითხვით უკვე ევგენ გენადიევიჩს მივმართეთ.

-თქვენი აზრით, ამ პროცესში რა როლი ენიჭებათ ფინტექ კომპანიებს? როგორ ესახება VISA-ს მათი ფუნქციები?

- ჩემი აზრით, ფინტექებსა და ფინანსური სექტორის ტრადიციულ მოთამაშეებს ერთმანეთისგან პრობლემების გადაწყვეტის მასშტაბი განასხვავებს. ფინტექები უფრო კონკრეტულ, მცირე ზომის გამოწვევებზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომაც პოულობენ უკეთეს გადაწყვეტებს. კონკურენციაზე მეტად ამ პროცესს უფრო თანამშრომლობით დავახასიათებდი. ფინტექებისთვის ბანკებთან პარტნიორობა გადამწყვეტია, მათ მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელთან დამაკავშირებელ პლატფორმებად უნდა აქციონ და ამ გზით განვითარდნენ. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოში ეს მიმართულება მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში შეიმჩნევა. მაგალითად, #VISAEVERYWHERE ინიციატივის რეგიონული გამარჯვებული ქართული სტარტაპი Payze გახდა, რითიც ძალიან ვამაყობთ. მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. აუცილებელია მერჩანტებსა და მომხმარებლებს შორის ყველანაირი ბარიერი დაირღვეს, რაშიც ფინტექები ძალიან კარგ სამუშაოს ასრულებენ. ახლაც და მომავალშიც, VISA მათი ინიციატივების კომერციალიზაციას მთელი მსოფლიო მასშტაბით მხარს დაუჭერს.

-თქვენ Payze ახსენეთ, რომელიც ძალიან წარმატებული ფინტექია და მათ უკვე არაერთი საფეხურის დაძლევა მოახერხეს. მათ მაგალითზე დაყრდნობით გვითხარით, რა პოტენციალი აქვს ფინტექ ინდუსტრიას საქართველოში

- პოტენციალი ძალიან დიდია, ჩვენ მთელს მსოფლიოში ფინტექებთან მუდმივად კავშირზე ვართ, მათთან ერთად არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვფიქრობთ, Payze-ს ასეთი წარმატებაც ამ უწყვეტი პროცესის შედეგია. #VISAEVERYWHERE-ის მიზანი საინტერესო კომპანიების გამოვლენა იყო, მსგავსი არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და უკვე საკმარისი რაოდენობის წარმატებული ფინტექებიც დაგროვდა, მათ შორის ერთ-ერთი Payze-ცაა. გარდა ამისა, მათთვის სხვადასხვა თარგეტირებული პროექტები გვაქვს განსაზღვრული სადაც უამრავი გამოწვევის დაძლევაში ვეხმარებით, მათ შორისაა: მარკეტინგი, UX/UI დიზაინი, რისკების გათვლა, მენეჯმენტი და ა.შ. ჩვენ მათ არამხოლოდ გამოცდილებით, მნიშვნელოვანი ინვესტიციითაც ვეხმარებით.

- და ბოლოს, მსურს, VISA-ს გაფართოების სტრატეგიაზე გკითხოთ. თქვენ ევროპული ფინტექი TINK - 2 მილიარდ დოლარად შეიძინეთ, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი და მომავალშიც უნდა ველოდოთ თუ არა მსგავსი ტიპის ინიციატივებს

-ეს ჩვენი კომპანიისთვის და ზოგადად, ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს პროცესი რაც შეიძლება მეტად გავამარტივოთ და კომპანიებს ამ ბაზარზე შესვლა გავუადვილოთ. TINK დაგვეხმარება გარკვეული დამაკავშირებელი რგოლი ვიყოთ ტრადიციულ ბანკებსა და ფინტექებს შორის. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ფინტექს მიუწვდებოდეს ხელი ბანკების მასშტაბურ ინფრასტრუქტურაზე, რაშიც TINK-ის მსგავსი პარტნიორი გვჭირდებოდა. ცხადია ვერ გიპასუხებთ, თუ რა იქნება მომავალში, თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ VISA ეკოსისტემის განვითარებას ნამდვილად არ შეწყვეტს.

 

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×