Payze - პირველი ქართული სტარტაპი YCombinator-ში
Payze, რომელიც ფართო აუდიტორიამ 500 Startups-ის პროგრამიდან გაიცნო, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული აქსელერატორის, Y Combinator-ის წევრი გახდა, რითიც არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სტარტაპ ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი დაწერა. Stripe, Airbnb, Cruise Automation, DoorDash, Coinbase, Instacart, Dropbox, Twitch, Reddit - იმ სტარტაპების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს უკვე მთელი მსოფლიო სწორედ Y Combinator-ის წყალობით იცნობს, ახლა კი მათი კომუნის წევრი Payze-ც გახდა.

„სანამ Payze-ს შევქმნიდით და ანტრეპერენრობის გზას დავადგებოდით, Y Combinator-ში ყოფნა თუნდაც სტაჟირების პროგრამით, ჩემი ოცნება იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი გზით მინდოდა იქ მოხვედრა. სტარტაპის შექმნის შემდეგ მე და სხვა თანადამფუძნებლები ხშირად ვუყურებდით სხვადასხვა Pitch-ებს, მათ შორის ძალიან გვხიბლავდა Airbnb-ს და Dropbox-ის შექმნის ისტორიები, ასევე Stripe-ის, რომელიც ჩვენი ანალოგია და მასაც იგივე აქსელერატორი აქვს გავლილი. ამ პროცესში ჩვენი სწორება და საბოლოო დანიშნულება ყოველთვის Y Combinator იყო, თუმცა ჩვენს გარშემო ამ თემაზე ვერავის ვესაუბრებოდით, რადგან ჩვენი რეგიონიდან მათ პროგრამაში არავინ არ იყო მოხვედრილი.“ - გვიყვება თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია.

როგორც გეგა გვიყვება, აქსელერატორს საკუთარი, განსხვავებული მიდგომა აქვს ყველა სტარტაპის მიმართ. 7%-იანი წილი $125,000-ის სანაცვლოდ, ასეთია მათი შეთანხმება. გარდა დაფინანსებისა, Payze იმ დიდი საკომუნიკაციო და დახურული პლატფორმის წევრიც ხდება, რომელშიც Y Combinator-ის კომპანიები არიან გაერთიანებულნი. ქართულ სტარტაპს ისეთი ორგანიზაციის დამფუძნებლებთან ექნებათ პირდაპირი წვდომა, როგორიც Airbnb, Dropbox, Reddit და სხვები არიან. გარდა ამისა, ზაფხულის ბოლოს, სტარტაპი ტოპ ინვესტორების წინაშე დემო დღეს გამართავს, სადაც გაცილებით უფრო მსუყე დაფინანსების მოპოვებას შეეცდება.

„აქ მოხვედრამდე საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ. პირველ ცდაზე ინტერვიუს ეტაპამდე მივედით, თუმცა პროგრამაში ვერ მოვხვდით. მიუხედავად ამისა, ელ.ფოსტით მივიღეთ ერთგვარი შექების წერილი, სადაც ეწერა, რომ არ უნდა დავნებებულიყავით და ბედი კიდევ ერთხელ, აუცილებლად უნდა გვეცადა. ზოგადად, როგორც Y Combinator-ის წევრები გვიყვებოდნენ, მათი პროგრამის მონაწილეების უმეტესობა პირველივე ჯერზე ვერ ხვდება ფინალისტების სიაში.


500 Startups-ში გამარჯვების შემდეგ სულ რამდენიმე დღე გვქონდა განაცხადის შესავსებად. არაერთი ღამის გათენებაც მოგვიწია, თუმცა ყველაფერი მოვასწარით. ძალიან საინტერესო იყო ინტერვიუს ეტაპი, როგორც არ უნდა წავიდეს საუბარი, ინტერვიუ მხოლოდ 10 წუთს გრძელდება. ალბათ გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონიდან პირველი სტარტაპი ვიყავით, აქსელერატორის წევრებს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდათ, რათა ყველა დეტალი შეესწავლათ, საჭირო გახდა მეორე ინტერვიუს ჩანიშვნა. 500 Startups-ის გამოცდილება უკვე გვიმაგრებდა ზურგს, სერიოზულად მოვემზადეთ ფინალური ეტაპისთვის და როგორც ჩანს მათი მხრიდანაც დიდი დაინტერებსა გამოიწვია Payze-მ. პოზიტიურად დავასრულეთ მეორე ინტერვიუც, თუმცა საბოლოო პასუხი დაახლოებით 1 დღის განმავლობაში უნდა მიგვეღო. ის პერიოდი ფაქტობრივად, არც ერთ დამფუძნებელს არ გვეძინა. ბოლოს, დილის 7 საათზე ჩემს ტელეფონზე ამერიკულმა ნომერმა დარეკა და მივხვდით, რომ გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ“ - ამბობს გეგა.

ექსკლუზიურ ბაზაზე წვდომა ქართულ სტარტაპს ულიმიტო დროის განმავლობაში ექნება, როგორც თავად გვიყვებიან ეს უდიდესი შესაძლებლობაა თანამედროვე ტრენდების გასაგებად, ახალი პროდუქტის დასატესტად და სურვილის შემთხვევაში ტოპ კომპანიებთან კოლაბორაციისთვის. 

ცნობისთვის, დღეს კომპანია Stripe ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული სტარტაპია, რომლის ღირებულებაც $95 მილიარდს აჭარბებს, Airbnb-მ სულ ცოტა ხნის წინ განათავსა საფონდო ბირჟაზე აქციები და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $86 მილიარდ დოლარზე მეტია, Dropbox $11 მილიარდადაა შეფასებული, DoorDash-ის ღირებულება კი $49 მილიარდია. 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×