წარუმატებლობის „ხიბლი“

Fuckup Nights - გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომლის ფარგლებშიც, ყოველთვიურად, რამდენიმე წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Tbilisi Startup Bureau-ს და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით, ეს ღონისძიება „ფაბრიკაში“ 26 ოქტომბერს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

საღამო ერთ კონკრეტულ სფეროს, კერძოდ კი, Fintech-ს დაეთმო, რომელიც დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. გამომსვლელები ფინანსური ტექნოლოგიების სფეროს წარმოადგენენ და მათი წარუმატებლობის ისტორიები სწორედ Fintech-ს უკავშირდებოდა. ღონისძიება Fintech.ge-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

თბილისის მეექვსე Fuckup Nights-ის მომხსენებლებმა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საზოგადოებას გაუზიარეს, თუ როგორაა შესაძლებელი, წარუმატებლობის სწორი ანალიზის შედეგად, დაშვებული შეცდომების სასიკეთოდ გამოყენება და წარმატებად ქცევაც კი.

შოთა გიორგობიანი - Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

- ჩვენი თავდაპირველი იდეა იყო, შეგვექმნა სერვისი, რომელიც მომხმარებელს პირადი ფინანსების მართვაში დაეხმარებოდა. ამ პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი იყო მომხმარებლის საბანკო ანგარიშთან წვდომა და შემდგომ იმის გარკვევა, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ესა თუ ის ტრანზაქცია.

საბანკო ანგარიშებთან ინტეგრაციისათვის გამოვიყენეთ კომპანია Salt Edge-ის სერვისები, რომელიც იმავდროულად ტრანზაქციების კატეგორიზაციის საშუალებასაც იძლეოდა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორედ აქ დავუშვით შეცდომა, როდესაც ჩვენი პროდუქტის ძალიან კრიტიკული ნაწილის, კატეგორიზაციის განხორციელებაში სხვას ვენდეთ.

რეალობაში, კატეგორიზაციის Salt Edge-ისეული გადაწყვეტა ძალიან სუსტი და არასტაბილური გამოდგა. ამ შეცდომის გამო დავდექით სერიოზული რისკის წინაშე, რომ პროექტი განუხორციელებელი დარჩებოდა. ამ კრიტიკულ მომენტში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ თვითონ შეგვექმნა კატეგორიზაციის ისეთი სერვისი, რომელიც ფინანსურ სექტორში არსებული მიდგომებიდან განსხვავებულად, უფრო ზუსტად და ეფექტიანად მოახდენდა ტრანზაქციების კლასიფიკაციას.

შედეგად მივიღეთ სრულიად ახალი პროდუქტი: ტრანზაქციების კატეგორიზაციის ღრუბლოვანი სერვისი, რომელიც ნებისმიერ ფინანსურ თუ არაფინანსურ ინსტიტუტს აძლევს საშუალებას, მომხმარებლის ტრანზაქციების კლასიფიკაცია მაღალი სიზუსტით მოახდინოს.

საბოლოო ჯამში, საწყის ეტაპზე დაშვებული შეცდომის სანაცვლოდ, მივიღეთ უნიკალური პროდუქტი, რომელსაც დღეს უკვე იყენებს საქართველოში ჩვენი კლიენტი და რომლის საქართველოდან ევროპაში გატანაზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან.

დავით მიზანდარი - Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

- ჩვენი ისტორია 2009 წელს დაიწყო - მაშინ, როდესაც მომხმარებელს ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ონლაინბილეთების გაყიდვების შესახებ. ქვეყანაში პლასტიკური ბარათებიც კი არ იყო მასობრივად გავრცელებული და, შესაბამისად, პირველ წელს ჩვენი წლიური ბრუნვა სულ 350 ლარს შეადგენდა. კომპანიის წლიურ ბრუნვებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი შემოსავლები, ონლაინგაყიდვების მიმართ ნდობის შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2010 წელს ბრუნვამ 600 ლარს მიაღწია, 2011 წელს - 1300 ლარს... 2013-2014 წლებში კი წლიური ბრუნვა 2 მილიონს გასცდა. თუმცა დღევანდელი შეხვედრა წარმატებებზე საუბარს არ ითვალისწინებს და ამ მოკლე შესავალის შემდგომ კონკრეტულად იმ საკითხს შევეხოთ, რისთვისაც FuckupNights-მა შეგვკრიბა:
ჩვენი კომპანიის ძირითადი სირთულე 2015 წელს თბილისში გამართულ ბარსელონა-სევილიის საფეხბურთო მატჩს უკავშირდება. მთავარი შეცდომა, პირველ რიგში, გამოუცდელობამ და შესაძლებლობების არასწორმა შეფასებამ განაპირობა. ჩვენ ვერ განვსაზღვრეთ, თუ რა მასშტაბის ღონისძიებასთან გვქონდა საქმე. ვერც უეფას წარმოედგინა, რომ ხალხის ამხელა ნაკადი მოაწყდებოდა თამაშს და ჩვენი გვერდის მისამართი თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. დროის მცირე მონაკვეთში ჩვენს ვებგვერდზე მთელი მსოფლიოდან დაიწყო ხალხმა შემოსვლა... ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში სერვერმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო და გაითიშა. ამ ხნის მანძილზე ონლაინრეჟიმში მხოლოდ 6 000 ბილეთის შესყიდვა მოხერხდა. ცხადია, ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა შეწყდა და, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი „ლოკომოტივის“) სტადიონთან 12 სალარო გავხსენით, რომელიც 48 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ყიდდა დარჩენილ ბილეთებს.

ამ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით, გავაძლიერეთ სერვერი და ახლა ვიცით, რომ როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიება კვლავ ჩატარდება საქართველოში, ვითანამშრომლებთ უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც რიგითობის პრინციპით მუშაობენ და მომხმარებლის საიტთან წვდომას ეტაპობრივად უზრუნველყოფენ. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ამ მარცხმა ჩვენი ცნობადობა გაზარდა. ჩვენს ფეისბუქგვერდზე, ბევრ უარყოფით გამოხმაურებასთან ერთად, უამრავი „ლაიქი“ გაჩნდა. მომხმარებელმა შეიტყო იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ძალისხმევის გარეშე, ინტერნეტით ბილეთების შეძენა.

კობა ქურდაძე Uni Pay-Uni Pay-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

- 2010-2011 წლებში, როდესაც ელექტრონული ფულის მიმართულებებზე დავიწყე მუშაობა, ეს იდეა აბსურდული ჩანდა. იმდროინდელი ბაზარი ნდობას არ გვიცხადებდა. მეუბნებოდნენ, რომ ელექტრონული ფულის დრო ჯერ არ იყო მოსული და ჯობდა რამე სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი. საბოლოო ჯამში, ჩემს გუნდთან ერთად, დღეს წარმატებული კომპანია ვართ და ვთანამშრომლობთ ონლაინ თუ „რითეილ“ მაღაზიებთან.

ჩვენმა გუნდმა 2013 წელს დაიწყო ბლოქჩეინთან ურთიერთობა და დანერგა მულტიკრიპტოვალუტა - უნიკოინი. იმ დროისთვის საქართველოში არავინ იყო, ვინც ბლოგჩეინტექნოლოგიის შესახებ რაიმე აზრს გაგვიზიარებდა და ჩვენ, პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. როდესაც ამ მიმართულებით ახალ ტექნოლოგიას არჩევ და არავინაა, ვისაც აზრს დაეკითხები, არსებობს პრაქტიკა, დაელოდო და დააკვირდე, როგორ გამოიყენებს მას სხვა. ჩვენ ასე არ მოვიქეცით და სწორედ ამ ტექნოლოგიის შესწავლისას ძალიან სწრაფად გვინდოდა პროდუქტი საიტზე აგვეტვირთა. აჟიოტაჟის ფონზე, შეცდომა დავუშვით და ერთ-ერთ მომხმარებელს ელექტრონულ საფულეზე, თავისი რაოდენობის ნაცვლად, დავუსვით 500 ბიტკოინი, რაც იმ დროისათვის 450 000 ლარის ეკვივალენტური იყო. მართალია, გარკვეული რაოდენობის თანხა დაიკარგა, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან მალე მოვაგვარეთ და განვაგრძეთ ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობა. დღეს ეს ტექნოლოგია სრულიად გამართულია და 1-ლი ნოემბრიდან კრიპტოვალუტით დაინტერესებულ ხალხს შეუძლია მოგვწერონ და თავად გამოცადონ ჩვენი ახალი პროდუქტი.
ბლოგის სხვა თემები

Unipay-ს ისტორია

გაიგე მეტი

როგორ მუშაობს Payment Gateway?

როგორ მუშაობს Payment Gateway?

გაიგე მეტი

რა არის MVP?

გაიგე მეტი