რა მოთხოვნები აქვს ეროვნულ ბანკს ფინტექ კომპანიებისთვის

ფინტეკს 21-ე საუკუნეში მრავალმხრივი განმარტება აქვს. ის შეიძლება იყოს საგადახდო საშუალებების პროვაიდერი კომპანიაც, სესხის გამცემიც და კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმაც. მიუხედავად იმისა, რომ რიგ მიმართულებებში ინფორმაციის მოძიება და პროდუქტის შექმნა გამარტივებულია, ხშირად სტარტაპერებს უჭირთ სახელმწიფო უწყებებთან კონკრეტული საკომუნიკაციო გზების მოძიება, რაც ბაზარზე ტექნოლოგიის სიახლით შეიძლება ავხსნათ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, პაპუნა ლეჟავასთან Fintech.ge-ს ინტერვიუც ამ მიმართულებით ინფორმირებულობის გაზრდას და სებ-ის ხედვას უკავშირდება ფინანსურ ტექნოლოგიებთან მიმართებით.

მთავარი კითხვით დავიწყოთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ფინტეკი დაარეგისტრირო, როგორია ეროვნული ბანკის მოთხოვნა?

როგორც ასეთი ცალკე აღებული ლიცენზია ფინტეკისთვის არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის ბიზნეს მოდელზე. გვაქვს სხვადასხვა სახის ლიცენზია, რომელსაც მსგავსი ტიპის კომპანია შეიძლება მოერგოს, თუმცა შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო სებ-ისგან ნებართვის აღება და მათ უკვე არსებულ, ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან ითანამშრომლონ. ჩვენი დაკვირვებით, ფინტეკის მოთხოვნები უმეტესწილად საგადახდო სერვისებთან დაკავშირებით შემოდის, ეს კი „საგადახდო სერვისების პროვაიდერის ლიცენზიას“ ექვემდებარება. პროცესს რაც შეეხება, შესავსებ აპლიკაციასთან ერთად მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკთან ბიზნეს მოდელის ტექნიკური მახასიათბლების აღწერა და შეთანხმება. ღია ბანკინგის თემის გააქტიურებასთან ერთად, ახალი ტიპის ლიცენზიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომლის აღების შემთხვევაში კომპანია ავტომატურად გახდება Open Banking-ის სისტემის ნაწილი და მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ექნება წვდომა. ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებები დაგვჭირდება და იმედია, წლის ბოლომდე შევძლებთ მის ამოქმედებას

ძირითადად რა ტიპის ლიცენზიები არსებობს მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის

შეგვიძლია ეს ორ მიმართულებად დავყოთ. პირველი - როგორც წეღან აღვნიშნე, საგადახდო სისტემების პროვაიდერის შემთხვევაში მოთხოვნები შედარებით მსუბუქია. კომპანიის ადმინისტრატორებმა და მენეჯერებმა უნდა წარმოადგინონ ნასამართლეობის ცნობა, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი ფულის გათეთრებასთან და ა.შ. რაც შეეხება სესხის გაცემას და დეპოზიტის მიღებას, მსგავს ტექნოლოგიებთან ყველაზე თავსებადი „ციფრული ბანკის“ ლიცენზიაა, რომელიც 2020 წელს ავამოქმედეთ.

ბანკის შემთხვევაში არსებობს კაპიტალის მოთხოვნები, ეხება თუ არა მსგავსი ტიპის რეგულაცია ფინტეკებს

ბანკის შემთხვევაში ეს ცალსახად დასაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ფინტეკს, აქ ყველაფერი ბიზნეს მოდელზეა დამოკიდებული. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით უამრავი კითხვა არსებობს, ეროვნული ბანკის ბაზაზე „ინოვაციების ოფისი“ ავამოქმედეთ, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მზადაა ფიზიკური თუ ონლაინ კონსულტაციის გასაწევად.  InnovationOffice@nbg.gov.ge -ზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვწეროს და ეროვნული ბანკის თანამშრომლები მას სრულყოფილ და უფასო დახმარებას გაუწევენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა ცვლილებები იგეგმება ფინტეკ ინდუსტრიისთვის უახლოეს პერიოდში

ვფიქრობ, ე.წ „Game Changer” მაინც ღია ბანკინგის სისტემის დანერგვა იქნება. ეროვნული ბანკის აზრით, ფინანსურ ტექნოლოგიებს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. ის აიაფებს და აჩქარებს ფინანსურ შუამავლობას, უფრო ეფექტურს და მოხერხებულს ხდის მომხმარებლისთვის, იზრდება კონკურენცია და აქვს გაფართოების უფრო კარგი პოტენციალი, ვიდრე ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს. მასშტაბების გაფართოებაში ცხადია ქვეყნის გარეთ სერვისის გატანას ვგულისხმობ. ჩვენი სტრატეგიული ხედვის ნაწილია ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი დატესტავენ პროდუქტს და ექსპანსიას განახორციელებენ რეგიონის მასშტაბით.

თუ გვაქვს გარკვეული სტატისტიკა, რამდენი ფინტეკ კომპანიაა დღეს ოფიციალურად დარეგისტრირებული საქართველოში

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერების“ რაოდენობა 40-50-ს აჭარბებს. თუმცა, არაა აუცილებელი რაიმე სახის მომსახურება ახალი კომპანიის ფარგლებში განხორციელდეს, ხშირად ეს მოქმედი ორგანიზაციების ქოლგის ქვეშ ხდება. ბანკებიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მნიშვნელოვან დროს და რესურსს ხარჯავენ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში.

მსოფლიოშიც აქტუალურია ეს საკითხი და საინტერესო იქნება ეროვნული ბანკის პოზიციაც გავიგოთ - ბანკებისა და ფინტეკების კონკურენციასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით ისინი ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან თუ უფრო შეავსებენ ბაზარს

ორივე. მაგალითად, ღია ბანკინგის დახმარებით, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, კონკურენციაც გაიზრდება და ფინტეკებს და ბანკებს ერთმანეთთან უკეთესი თანამშრომლობის შესაძლებლობებიც მიეცემათ. ახლაც ძალიან ხშირია ბანკების ფინტეკ კომპანიებთან თანამშრომლობა.

საქართველოში უკვე არაერთი წარმატებული ფინტეკ კომპანიაა. ერთ-ერთი ასეთია Payze, რომელიც VISA-ს პარტნიორი გახდა და 500 Startups-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია, ისინი შემოდგომაზე სილიკონ ველიზე მიემგზავრებიან. სად ხედავთ მათ განვითარებაში ეროვნული ბანკის როლს?

საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა. იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის იდეა წარმატებული იყოს, აუცილებელია მისი საზღვრებს გარეთ გატანა. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ მისი ხელშეწყობისთვის გვსურს ერთიანი პლატფორმის შექმნა საქართველოში. გვაქვს ასევე „რეგულირების ლაბორატორია“, რომელიც რეგულაციების განახლებას და ცვლილებას გულისხმობს ისე, რომ მათ ბიზნეს მოდელს უკეთ მოერგოს და ამ მიმართულებითაც ვაქტიურობთ. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, რეგულაციები თუ არ გახდა ადაპტირებადი ახალ გარემოსთან, საკმაოდ შემზღუდავიც კი შეიძლება გახდეს. ზოგადად საქართველოშიც და მსოფლიოშიც არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი დახურული სისტემაა და მათთან თანამშრომლობა რთულია. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და Fintech.ge-ს მეშვეობით ვუთხრა არამხოლოდ ფინტეკ კომპანიებს, არამედ ყველას, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მათგანთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რაშიც საკმაოდ დიდ რესურსს ვხარჯავთ.



ავტორი: ლევან თაღიაშვილი

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×