Phubber-ი განვითარების ახალ ეტაპზე Maxin AI-თან ითანამშრომლებს
Phubber ქართველმა მომხმარებელმა დიდი ხანია გაიცნო და შეიყვარა კიდეც. თუმცა 500 Startups-ის აქსელერატორში მონაწილეობა და ტოპ კლასის მენტორებთან ურთიერთობა მათ ახალ ეტაპზე გადასასვლელად გამოიყენეს. „ფაბერი“ უკვე აქტიურად მუშაობს უკრაინის ბაზარზე შესასვლელად და უახლოეს პერიოდში მას სხვა ლოკაციებიც დაემატება. იმისთვის, რომ კომპანიამ გლობალურ ბაზარზე წარმატებით განაგრძოს ოპერირება, აუცილებელია პროცესების მაქსიმალური გაციფრულება, რათა მასშტაბების გაზრდასთან ერთად, არ დაეცეს მომსახურების ხარისხი.

სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას ემსახურება Phubber-ისა და Maxin AI-ის თანამშრომლობა. Maxin ქართული კომპანიაა, თუმცა აქამდე მათ პორტფოლიოში მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული პროექტები შედიოდა. როგორც ჩვენთან საუბრისას Phubber-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი ჰყვება, Maxin-ის ჩართულობა ძირითადად 3 მიმართულებას განავითარებს.

პირველი, ეს პროდუქტის კატეგორიზაციაა. როგორც გიორგი გვიყვება, აპლიკაციაში უკვე ძალიან დიდი რაოდენობით განსხვავებული სტილის, ფორმისა და დანიშნულების ტანისამოსი დაგროვდა, რაც კატეგორიებად დაყოფას და ორგანიზებას მოითხოვს. მისი თქმით, მალე მომხმარებელს აღარ მოუწევს გასაყიდი პროდუქტის ატვირთვის შემდეგ, ხელით შეიყვანოს მისი მახასიათებლები, ამას მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ალგორითმი თავად განახორციელებს, რაც სიზუსტესთან ერთად, პროდუქტის გამარტივებას და კომფორტს შეუწყობს ხელს.

მეორე მიმართულება შესაფერისი რეკომენდაციის გაცემაა. 21-ე საუკუნის მომხმარებელი მაქსიმალურად ითხოვს პერსონიფიცირებულ და კონკრეტულად მის გემოვნებაზე მორგებულ პროდუქტს. Data-ს გაანალიზება და Phubber-ის ბაზასთან აქტიური მუშაობა Maxin AI-ს საშუალებას მისცემს კომპანიას დაეხმაროს მაქსიმალურად ზუსტი რეკომენდაციის გაცემაში.

„მსგავსი ტიპის ტექნოლოგიას იყენებს მაგალითად, Instagram. აქ მილიარდობით სხვადასხვა პოსტია განთავსებული, თუმცა მისი მომხმარებელი მხოლოდ მისთვის რელევანტური პროდუქტს ხედავს, ასე იქნება Phubber-ის შემთხვევაშიც“ - ამბობს გიორგი.
ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა ე.წ “Image Search”, რომელიც საძიებო სისტემაში ფოტოთი მოძებნის ფუნქციას ითავსებს. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ეს შესაძლებლობა Google-ის ვებ-გვერდზეც გაჩნდა. Maxin AI-სთან თანამშრომლობის მესამე ეტაპი Phubber-ის ბაზაზე სწორედ მსგავსი ფუნქციონალის დამატებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, გიორგი ვარაუდობს, რომ დაახლოებით 1 წელიწადში წარმატებით ამუშავდება ავთენტიფიკაციის ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება პროდუქტის აღწერილობა მის რეალურ მდგომარეობას, არის თუ არა ის ფალსიფიცირებული და ა.შ

„კომპანიაში მანქანური სწავლების დანერგვა საკმაოდ განსხვავებული პროცესია და არ ჰგავს დეველოპმენტის განვითარებას. აუცილებელია შეიქმნას საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზა, რაშიც Maxin AI-ში მომუშავე პროფესიონალები გვეხმარებიან.“ - ამბობს გიორგი.

საინტერესოა, რომ ბრენდი საოპერაციო ნაწილთან ერთად მარკეტინგული მიმართულებითაც ვითარდება. სულ ცოტა ხნის წინ Phubber-ის ბრენდ ამბასადორი ცნობილი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი გახდა. გიორგი გვიყვება, რომ სწრაფი მოდა ნავთობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაბინძურებელი მიმართულებაა მსოფლიოში. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები აღარ „დავაფინანსებთ“ ახალი ტანსაცმლის წარმოებას და მას უბრალოდ ერთმანეთში გავცვლით, ამით გარემოს დიდ დახმარებას გავუწევთ.

„თაკო სწორედ ამ მიმართულებით სწავლობს, ეს თემა აინტერესებს და სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი გადაკვეთა მივიღეთ.“ - ამბობს გიორგი.

რაც შეეხება მომხმარებლის პირად უსაფრთხოებას, Phubber-ის თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ აპლიკაციის განახლებამ უკვე გაიარა Apple-ის უმკაცრესი ფილტრი, რაც მომხმარებლებს სიმშვიდის გარანტიას აძლევს. 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×