უკან Google Design Sprint

Google Design Sprint

2018 წლის 17 ნოემბერს ტექნოპარკში „DevFest თბილისი“ გაიმართა. ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერი იყო ემილია მაი, დიზაინ სააგენტო HUSKY-ს დამაარსებელი და Google Sprint-ის ექსპერტი. სწორედ Google Sprint მეთოდოლოგიის შესახებ უამბო ღონისძიების მონაწილეებს ემილიამ DevFest-ზე:

Google Design Sprint არის ჯგუფური workshop-ი, რომლის მიზანია შეზღუდულ დროში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზის პოვნა. სპრინტის ხანგრძლივობა არის 2-5 დღე.

მეთოდოლოგია შედგება 5 სტადიისგან:

· პირველ ეტაპზე ჯგუფმა კარგად უნდა გაიაზროს პრობლემის არსი.

· მეორე ეტაპზე ხდება გუნდური „ბრეინსტორმინგი“ პრობლემის შესახებ.

· მესამე ეტაპზე განხილვის დროს გამოკვეთილი ჰიპოთეზებიდან ერთ-ერთს ირჩევენ პროტოტიპის შესაქმნელად.

  • მეოთხე ეტაპი არის პროტოტიპის შექმნა.

· მეხუთე ეტაპი კი არის პროტოტიპის მომხმარებლებისთვის ჩვენება და მისი გამოცდა.

რატომ არის სპრინტი კარგი და პროდუქტიული?

პირველ რიგში, სპრინტის ჯგუფი ყოველთვის დაკომპლექტებულია განსხვავებული უნარების და გამოცდილების მქონე ადამიანებით. Product Development-ის სფეროში ბევრ პროექტში ვხვდებით ერთსა და იმავე პრობლემას. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ, პრობლემები ექმნებათ იმ მომენტში, როდესაც კომუნიკაცია და თანამშრომლობა უწევთ. სპრინტის დროს ამ ადამიანებს, პრაქტიკულად, „კეტავთ“ ერთ ოთახში და აძლევთ მათ კონკრეტულ ამოცანას, რომელიც განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს. ამ დროს განსხვავებული ამპლუის მქონე ადამიანები ახერხებენ ერთად მუშაობას და ეფექტიანად თანამშრომლობას.

შეზღუდულ დროში ჯგუფური მუშაობა გამოცდილი და პროდუქტიული ხერხია. შედარებით სტრესულ მდგომარეობაში, როცა გუნდს საქმისთვის ბევრი დრო არ აქვს, მისი წევრები მაქსიმალურად მობილიზებულები და მოტივირებულები არიან.

სპრინტი სწრაფი და ეფექტიანი საშუალებაა იმის გასარკვევად, არის თუ არა კონკრეტული იდეა პერსპექტიული, ღირს თუ არა სერიოზული ინვესტიციის ჩადება მის გასახორციელებლად.

როგორ მიმდინარეობს workshop-ი?

Workshop-ის მიმდინარეობისას ჯგუფში სხვადასხვა აქტივობა ტარდება პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად:

მოკლე, ბლიც მოხსენებები - მონაწილეების მოკლე პრეზენტაციები პრობლემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე.

„როგორ შეგვიძლია“ - სავარჯიშო, რომლის დროსაც ჯგუფი სვამს ამ შეკითხვას სხვადასხვა პრობლემასთან მიმართებაში, რაც მონაწილეებს გადაჭრის გზის პოვნაში ეხმარებათ.

Crazy Eight - სავარჯიშო, რომლის დროსაც ფურცელი 8 ტოლ ნაწილად უნდა გაიყოს და თითოეულზე მონაწილემ უნდა დახატოს ესკიზი, რომელიც კავშირში იქნება პრობლემის გადაჭრის გზასთან. რაც მთავარია, მან ეს უნდა გააკეთოს 8 წუთში. ამ სავარჯიშოში მთავარი არის რაოდენობა და არა ხარისხი.

„ძენ-არჩევნები“ - პროცესი, როდესაც რამდენიმე იდეას შორის საუკეთესოებს ირჩევენ. ხმის მიცემა ერთდროულად ხდება, შედეგად, ჯგუფის ყველა წევრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს.

„გამოყენებადობის ტესტი“ - ტესტი, რომლისთვისაც ჯგუფი პროდუქტის პოტენციურ მომხმარებელს იწვევს მის შესამოწმებლად. ამ დროს ირკვევა, რამდენად კომფორტული და პრაქტიკულია პროდუქტი.

პირადი გამოცდილება

რამდენიმე წლის წინ პოლონეთის ადმინისტრირების და ციფრული განვითარების სამინისტრომ, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაწყვიტა საიტის გაკეთება, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა ამ ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ შეიტყობდა.

საიტის კონცეფციის მოსაფიქრებლად მოკლე, 2-დღიანი სპრინტი ჩატარდა. საინტერესოა, რომ ერთდროულად გაიმართა ორი პარალელური workshop-ი, ერთი - საიტის შინაარსობრივი ნაწილის, მეორე კი - დიზაინის შესახებ.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია Google-ის და პოლონეთის უდიდესი გაზეთის, Gazeta Wyborcza-ს საერთო პროექტი - Sonar. ამ პროექტის ფარგლებში უნდა შექმნილიყო საიტი, რომელზეც განთავსდებოდა ინფორმაცია პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკურად აქტიური ცნობილი ადამიანების შესახებ. ამ პროექტის გასახორციელებლად თავდაპირველად 5-დღიანი სპრინტი ჩატარდა.

საბოლოო ჯამში, 6 თვეში შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც დღესაც აქტიურია და წარმატებით მუშაობს. ამ პროექტის ფარგლებში 10-მდე სპრინტი ჩატარდა.

არა მხოლოდ აპლიკაციების და საიტების შექმნა

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ Goodle Design Sprint-ის გამოყენება სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. აპლიკაციისა და საიტის დიზაინის გარდა, ამ მეთოდოლოგიის გამოყენება შეიძლება, მაგალითად, მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით.

როდის არის ოპტიმალური დრო მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად?

ბუნებრივია, ეს მეთოდოლოგია ყველა კომპანიისთვის იდეალური არ არის. ზოგ კომპანიას, უბრალოდ, საშუალება არ აქვს, რამდენიმე დღე გამოუყოს თანამშრომლებს სპრინტის ჩასატარებლად.

შესაძლოა, ვინმესთვის ასეთ სიტუაციაში მუშაობა, უბრალოდ, შეუფერებელია.

Google Sprint-ის გამოყენება ოპტიმალურია, როდესაც:

· ჩვეულებრივ, თანამშრომლები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ, ამ შემთხვევაში კი საჭიროა თანამშრომლობა და შეთამაშება. იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც რამდენიმე კომპანია ერთად მუშაობს პროექტზე.

· სტანდარტული კომუნიკაციების საშუალებები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სასურველ შედეგს არ იძლევა.

· კომპანიას აქვს რესურსი და სურვილი, განახორციელოს საინტერესო პროექტი კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა ზუსტად არ იცის, რა პროდუქტია ამისთვის საჭირო.

  • როდესაც იდეის ჩამოსაყალიბებლად დრო ძალიან შეზღუდულია.

რატომ Google Design Sprint და არა რომელიმე სხვა მეთოდოლოგია?

პირველ რიგში, ამ არჩევანს განაპირობებს ფორმატის სპეციფიკური სავარჯიშოები და დავალებები, რომლებიც პროცესს უნიკალურს ხდის;

ხმის მიცემის და პროექტის არჩევის პროცესი, აგრეთვე, პროტოტიპის შექმნის შემდეგ სწრაფი „ფიდბექი“;

გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის ეფექტიანი კომბინაცია. თუკი სხვადასხვა საკითხის განხილვისას, ჩვეულებრივ, უფრო თავდაჯერებული ადამიანები დომინირებენ, ამ მეთოდოლოგიით შედარებით მორცხვ ადამიანსაც აქვს საკმარისი დრო და სივრცე, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს და შემდეგ დაბრკოლებების და სირთულეების გარეშე გაუზიაროს სხვებს საკუთარი აზრები.

სრული გამოსვლის სანახავად გადადით ბმულზე.