როგორ პასუხობს საბანკო სექტორი პანდემიის გამოწვევებს
11 მარტი, 2020 წელი − თარიღი, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია ოფიციალურად გამოცხადდა. ამ შემთხვევამ კაცობრიობის ისტორია შეცვალა და ყველა დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით შემცირდა, რაც ციფრებში 4 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ბიზნესი გაჩერდა, ეკონომიკური სუბიექტები ოპერირებას ვეღარ ახდენდენ, ყველა ტიპის კომუნიკაცია კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

გამოწვევებთან ერთად პანდემია დიდი შესაძლებლობაც აღმოჩნა ბიზნესისთვის, რადგან თვალსაჩინო გახდა, რომ პროცესებსა და სერვისებს გაციფრულება სჭირდებათ. სწორედ აქედან იწყება ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციაც. პირველი ჩაკეტვიდან ფინტექაპლიკაციების მოხმარება საერთაშორისო მასშტაბით 72%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრულ მომსახურებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია; ამ ყველაფერმა კი ფულის ციფრულად მიმოცვლის აუცილებლობაც გააჩინა. 

თითქმის ყველა სახის ბიზნესმა შეძლო ადაპტაცია და შედეგად, სერვისებისა თუ პროდუქტების გაციფრულებაც უზრუნველყო. ამ სტატიაში საბანკო სექტორის ტრასფორმაციაზე ვისაუბრებთ, რადგან ბანკი ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ეკონიმიკას ფულით ამარაგებს, შესაბამისად, მისი გაციფრულების გარეშე შეუძლებელი იქნებობა სხვა დარგების ტრანსფორმაციაც.

დავიწყოთ მსოფლიოთი... დიდი ოთხეულის (Big 4) პირველ ადგილზე მყოფი კომპანია “Delloite”-ის კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში 35%-ით გაიზარდა ინლაინბანკინგის მოხმარება. კომპანია “MasterCard”-ის ინფორმაციით, უკონტაქტო გადახდების  40%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირდა, ეს კი მხოლოდ მცირე მონაცემებია იმისა, თუ რა ცვლილებები გამოიწვია პანემიამ. ამ ყველაფრის ფონზე პირველი, რაც ბანკებმა გააკეთეს, დისტანციურ საბანკო მომსახურებაში მეტი ინსვეტიციის განხორციელება იყო. მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, რობო-მრჩეველები, ბლოკჩეინები... ეს ის მიმართულებებია, რომელთა აქტიურად გამოყენებაბანკებმა გაციფრულების პროცესის დაჩქარების მიზნით დაიწყეს. 
ამას მოყვა შემდეგი ნაბიჯი − ფინტექკომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ სკეპტიკოსები, რომლებსაც  ფინტექკომპანიებისა და ბანკების კონკურენციის სჯერათ, მათი თანამშრომლობა მაინც გარდაუვალი იყო, რადგან ფინტექკომპანიები გაცილებით მოქნილები არიან ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ისინი სრულ რესურსს ხარჯავენ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების ძიების პროცესში, რაც უკვე უზრუნველყოფს პროდუქტისა თუ სერვისის გაციფულებას; ეს ყველაფერი კი საბანკო სექტორისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებ დანახარჯებსა და დროს მოითხოვს. 

ბანკებისა და ფინტექკომპანიების თანამშრომლობის კლასიკური მაგალითია გერმანული ნეობანკის, “N26“-ისა და ფულადი გზავნილების ფინტექკომპანია “TransferWise”-ის პარტნიორობა. სწორედ ამ ურთიერთობის ფარგლებში 30-ზე მეტი სავალუტო წყვილის შეთავაზება გახდა შესაძლებელი. ასევე წარმატებული შემთხვევაა მსოფლიო საბანკო გიგანტის, “HSBC ბანკისა” და  კომპანია “Tradeshift”-ის კოლაბორაციაც, რა დროსაც ბანკი Tradeshift-ის პლატფორმას მომწოდებლებზე ინვოისების გადახდების ავტომატიზაციის მიზნით იყენებდა; ეს კი უზრუნველყოფს მეტ გამჭვირვალობას გრძელვადიანი გადახდების თვალსაზრისით. საინტერესო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნორვეგიული ბანკების ექვსეულის, ე.წ Nordic Consortia-ს მიერ დაფუძნებული ფინტექკომპანია Invidem-ი, რომელიც ამ ბანკებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და მომხმარებლების ქცევის (AML / KYC) საკითხების ანალიზში ეხმარება. ამავე ბანკების მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე აპლიკაცია აანალიზებს მომხმარებლის ქცევებს თითოეულ ბანკში, რის შემდეგაც უკვე შეუძლია ამოიცნოს ფულის გათეთრების, თაღლითობის მცდელობები და მსგავსი უკანონო შემთხვევები.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ბუნებრივია, შემცირდა პირდაპირი კომუნიკაციაც, რაც აისახა ფილიალების დახურვის დინამიკაში. მაგალითად, გერმარანიის სიდიდით მეორე ბანკმა, “Commerze Bank-მა” 340 ფილიალი დახურა. ანალოგიურად, შვედეთის ბანკმა, “Handelsbanken”-მა  განაცხადა, რომ ფილიალების ქსელის 50%-ით შემცირებას აპირებს. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული ცვლილებები გარდაუვალი იყო. შესაბამისად, ევროპისა და აშშ-ს ბანკების უმრავლესობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. უნდა ითქვას, რომ ფილიალების შემცირების საკითხი საქართველოს საბანკო სექტორსაც შეეხო და 2020 წლის მარტის შემდეგ 20-ზე მეტი სერვისცენტრი დაიხურა.
კიდევ ბევრი საინტერესო ცვლილება განახორციელა მსოფლიო საბანკო ინდუსტრიამ, თუმცა ამაზე ალბათ სხვა სტატიაში გესაუბრებით. ახლა კი ვეცდები, საქართველოს საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე მოგიყვეთ, სადაც ასევე ბევრი ძალიან საინტერესო ცვლილება მოხდა.

პირველი, რაც ქართულმა ბანკებმა სწრაფად განახორციელეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა იყო და ამ მხრივ საბანკო სერსვისების მიწოდება ერთი დღითაც არ შეფერხებულა. ციფრულმა ტრანსფორმაციამ, თავის მხრივ, სამუშაო პროცესები დააჩქარა, რადგან აღარ იყო საჭირო შეხვედრების ორგანიზება. მაგალითად, გაიზარდა ისეთ საბანკო ოპერაციებზე არსებული ლიმიტები, როგორებიცაა: გადარიცხვები, გადახდები, თანხის განაღდება და ა.შ. საბოლოოდ, ტექნიკურმა შესაძლებლობებმა ჩვენი ყოველდღიურობა მოიცვა და სხვადასხვა აპლიკაციამ, მაგალითად, მობილბანკმა, მეტი ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძინა. 

საქართველოს ბანკი ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელმაც მალევე შეძლო ციფრულ პროცესებთან ადაპტაცია და ბევრი ცვლილების განხორციელებაც. მაგალითად, ბანკმა საკუთარ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შესთავაზა, როგორებიცაა: ერთიანი ავტორიზაციის სისტემა,  ინტერნეტბანკისა და მობილბანკის ახალი ფუნქციები, მათ შორის, მობილური აპლიკაციის ინტერნეტის გარეშე გამოყენების შესაძლებლობა, თანხის მოთხოვნა და გაყოფა (Bill Split), საბანკო ოპერაციების მრავალფეროვანი არჩევანი და სხვ. მეტი კომფორტისთვის ასევე იყო განულებული საკომისიო მობილბანკით სარგებლობისას. ციფრული ტრანსოფმრაციის მხრივ უძრავი ქონების პლატფორმა area.ge-ზე  იპოთეკური სესხის გამოთვლის მექანიზმი დაინერგა და სესხის აღების პროცესის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ციფრულად გახდა ხელმისაწვდომი. 

საბანკო სექტორის გაციფრულებაზე მეტყველებს მარეგულირებელთან კომუნიკაციაც. საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, ბანკების ზედამხედველობა და შესაბამისი პროცედურების ჩატარება დისტანციურად, ციფრული არხების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გაციფრულდა კომუნიკაციის აქამდე ტრადიციული არხები და საფუძველი ჩაეყარა ახლის ფორმირებასაც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ღია ბანკინგის გააქტიურებაც, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი საბანკო სექტორის ციფრულ რევულუციას მოხდენს. საბანკო ასოციაციამ აქტიურად დაიწყო პროექტის დამუშავება და 31 მარტს პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ეს ეტაპი მოიცავდა ერთი მობაილ ბანკის მეშვეობით სხვა ბანკების ინფრმაციის მიღებას. შემდეგი ეტაპი გადახდების ინცირებაა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულდეს. საბანკო სექტორის გაციფრულების პროცესს შეგვიძლია ასევე მივაკუთვნოთ 2020 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპებიც.


როგორც ვხედავთ, საქართველოს საბანკო სექტორი პანდემიის გამოწვევებს მაინც მომზადებული შეხვდა და ტექნოლოგიების დანერგვისა და გაციფრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. და ბოლოს, საინტერესოა ითქვას, საქართველოს გლობალურ ფინტექრეიტინგში 212-ე ადგილი 3.418 ქულით უკავია. (Findexable_Global-Fintech-Rankings-2020).

ავტორი: დავით კიკვიძე
ბლოგის სხვა თემები

× გამოიწერე სიახლეები
გაიგე მეტი ფინტექ სიახლეებზე, გაეცანი ბლოგებს, სტატიებს და დაესწარი პანელურ დისკუსიებს, სემინარებსა თუ ღონისძიებებს
×