უკან დავით ჯაფარიძე Azry-ს შესახებ

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „აზრი“ 2004 წლის თებერვალში თბილისში დაფუძნდა. ამ დროის მანძილზე მის მიერ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ტექნოლოგიური ცვლილებები, რომლებიც მისი უშუალო მონაწილეობით ქართულ საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში დაინერგა. კომპანიას მალე 15 წელი შეუსრულდება. განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჩვენ „აზრის“ დაფუძნებელსა და დირექტორს, დავით ჯაფარიძეს გავესაუბრეთ.

-მაშინ, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების სფეროში მომუშავე ქართული კომპანიის შექმნის იდეა გაგვიჩნდა, არც კი გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენი ძირითადი კლიენტები ლოკალური საწარმოები იქნებოდნენ. ჩვენი ჩანაფიქრი იყო შეგვექმნა აუთსორსინგული მომსახურება დასავლური კომპანიებისთვის, მითუმეტეს, რომ ამის გარკვეული გამოცდილება უკვე გაგვაჩნდა. უცხოეთში წასვლა და იქ დასაქმება არცერთი ჩვენგანისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, განსაკუთრებით იმ საქმიანობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვეწეოდით (პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობას ვგულისხმობ). ჩვენმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და შეფასებებიც საკმაოდ მაღალი გვქონდა. თუმცა საქართველოში ცხოვრება და ბიზნესის აქ კეთება ჩვენი გააზრებული არჩევანი იყო. კომპანიისთვისაც ისეთი სახელის შერჩევა გვინდოდა, რომელიც ქართულად რაღაც შინაარსის, აზრის მატარებელი, ამასთან მოკლე და უცხოელებისთვის იოლად დასამახსოვრებელი იქნებოდა. შედეგად ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის შემოთავაზებას დავთანხმდით და კომპანიას „აზრი“ დავარქვით. ეს სიტყვა კომპანიის სახელწოდების რანგში თავდაპირველად ყველას ეუცნაურება, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ აღარ ავიწყდება. რაც მთავარია, დადებითი ასოციაციები უჩნდებათ, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ სახელის დამსახურება არ არის.

-როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრია „აზრს“ ქართულ ბაზარზე?

-ჩვენ კლიენტების მოთხოვნით ვქმნით პროგრამულ უზრუნველყოფას და ვაწარმოებთ აპარატურას. ამითი ვცდილობთ დავეხმაროთ ბიზნესს, სახელმწიფო სტრუქტურებს ან ნებისმიერ ორგანიზაციას მოახდინონ საკუთარი საქმიანობის ავტომატიზაცია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და აკეთონ საკუთარი საქმე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იყვნენ კონკურენტულები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდი სურვილი გვაქვს გავაფართოოთ ჩვენი საქმიანობის არეალი, შევქმნათ ახალი პროდუქტები, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ბაზრისთვის და რაც მთავარია, მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ. ეს არ არის იოლი ამოცანა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ.

-როგორ შეაფასებდით კონკურენტებს?

-საქართველოს IT ბაზარზე სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ისეთი კომპანია, რომელიც პროდუქტს აწარმოებს და ყიდის. შესაბამისად ერთმანეთში დიდი კონკურენციაც არ გვაქვს. ჩვენს ურთიერთობებს უფრო პარტნიორული და მეგობრული ეთქმის. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქართულ კომპანიასთან ერთად დავაფუძნეთ ICT კლასტერი, რომელის მიზანია დაეხმაროს მის წევრებს და ზოგადად ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს, დარგისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში.კონკურენციაზე უფრო აქტუალური ჩვენს რეალობაში დღეს თანამშრომლობაა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ იმ საკითხების დარეგულირება, რაც ყველას გვაწუხებს და რომლის მოგვარებაც ინდივიდუალურად გაგვიჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. მაგალითად,IT კადრების დეფიციტი, რომელსაც ამ სეგმენტში მომუშავე თითქმის ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რეალურად IT სექტორის წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაზე. თუ კომპანიებმა ვერ შეძლეს გაზრდა და თუ იგივე კვალიფიკაციის რესურსის დაქირავება დაუჯდებათ უფრო ძვირი, ვიდრე მაგალითად უკრაინაში ან ბელორუსიაშია - დარგი ვერ განვითარდება. ვერ იქნება კონკურენტული და ვერც საკუთარ პროდუქციას გაიტანს შეძლებს საზღვარგარეთ. ამ დროს საქართველოში მოქმედი სასწავლებლები რამდენიმე ათას IT სპეციალისტს ამზადებენ ყოველწლიურად. არსებობს პროფესიული გადამზადების და სერტიფიცირების კურსები და თითქოს ეს პრობლემა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ბუნებრივია ერთი კომპანიისთვის ძალიან ძნელი იქნება მსგავსი პრობლემების მოგვარება. მაგრამ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომ ვისაუბროთ სექტორში არსებულ დეფიციტური მუშა ხელის პრობლემებზე, სასწავლო პროგრამების ეფექტურობის გაზრდაზე, ელასტიური სილაბუსების შემუშავებაზე და ვეცადოთ ერთობლივად ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის გზები, იმისთვის რომ სტუდენტების ცოდნა და კომპეტენცია მაქსიმალურად პასუხობდეს კერძო სექტორის მოთხოვნებს. ამ ჯგუფში ჩართული იქნებიან უმაღლესი სასწავლებლები და მათთან ერთად შევეცდებით შექმნილი მდგომარებიდან გამოსავლის მოძებნას. მითუმეტეს, რომ ამ საკითხის მოგვარება მათთვისაც მნიშვნელოვანია. როცა IT სექტორი მუშაობს შეთანხმებულად, მაშინ ბევრად უფრო მარტივია ბევრი საკითხის გადაჭრა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია სადაც ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა, ბუნებრივია არსებობს ბევრი სხვა თემაც თანამშრომლობისთვის.

-როგორ მოხვდით სატრანსპორტო სფეროში?

-სრულიად შემთხვევით. ერთ-ერთმა ბანკმა, რომელიც ჩვენი კლიენტი იყო, ტენდერი მოიგო და დასჭირდა კონსულტაციები IT კუთხით. ჩვენც სიამოვნებით გამოვიყენეთ ჩვენი ცოდნა ელექტრონიკის სფეროში და 2007 წელს თბილისის მეტროპოლიტენში უკონტაქტო ბარათები ავამოქმედეთ. ეს იყო ჩვენი პირველი გამოცდილება როგორც სატრანსპორტო სფეროში, ისე აპარატურის წარმოების თვალსაზრისით. პროექტის წარმატებამ კომპანია „ქართული მიკროელექტრონიკის“ დაფუძნებისკენ გვიბიძგა და მას შემდეგ აპარატურას ვაწარმოებთ არა მხოლოდ სატრანსპორტო სისტემებისთვის, არამედ სპეციფიკური სტრუქტურებისთვისაც (მაგალითად შსს-თვის). ასევე ჩვენი ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტია ტაბლოები ავტობუსების გაჩერებებზე თბილისში. ამ სისტემის როგორც პროგრამული ნაწილი, ისე აპარატურა, მთლიანად ჩვენი კომპანიის მიერ არის ნაწარმოები.

განახლებულ სატრანსპორტო სისტემაზე გვიამბეთ

ეს ტექნოლოგიურად სრულიად ახალი სატრანსპორტო სისტემაა. მისი ფუნქციონალი,ერთის მხრივ, სატრანსპორტო კომპანიას მისცემს ინფრასტრუქტურის ბევრად უკეთ მართვის საშუალებას, მეორეს მხრივ კი, მგზავრებს გაუადვილებს ქალაქის მასშტაბით გადაადგილებას. ეს არის ანგარიშებზე დაფუძნებული სისტემა (Account Based System), რაც იმას გულისხმობს, რომ ბალანსი ინახება სერვერზე და მომხმარებლები ვალიდატორთან მხოლოდ იდენტიფიცირებას გადიან. მისი უპირატესობა იმაშიც გამოიხატება, რომ თუკი აქამდე ტრანსპორტში საბანკო ბარათებით სარგებლობა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს შეეძლოთ, შემოდგომაზე საბანკო ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდასყველა იმ ბანკის მომხამრებელი შეძლებს, რომელიც ამ სისტემაში ჩაერთვება, შესაბამისად, სატრანსპორტო ბარათის ბალანსის შევსება აღარ იქნება საჭირო. მთავარია, რომ ბანკებს ჰქონდეთ უკანტაქტო ინტერფეისის მქონე ბარათები. საკუთარი უკანტაქტო ინტერფესის მქონე ბარათების გამოყენების საშუალება ექნებათ ტურისტებსაც, რომელთაც უცხოური ბანკების მიერ ემირირებული ბარათები აქვთ. უბრალოდ, მათთვის ტარიფი იქნება ოდნავ განსხვავებული და ფასდაკლებებითაც ვერ შეძლებენ სარგებლობას. აქვე დავძენ, რომ ვალიდატორს ექნება სრულიად ახალი ვიზუალი. მისი დიზაინი ცნობილ ქართველ დიზაინერს ზვიად ციკოლიას ეკუთვნის. ეს ვალიდატორი აღიქვამს არა მხოლოდ საერთაშორისო ბარათებს, არამედ აქვს QR კოდის სკანერიც, რაც ერთჯერადი ბილეთების შემოტანის საშუალებას გვაძლევს, ანუ მომხმარებლებს შეეძლებათ მობილური ტელეფონის ეკრანზე, აპლიკაციის მეშვეობით, გამოიტანონ QR კოდი და დაასკანერონ ვალიდატორზე. ერთჯერადი ბილეთების შეძენა ქუჩაში არსებულ თვითმომსახურების კიოსკებშიციქნება შესაძლებელი. ქაღალდზე დაიბეჭდება სპეციალური QR კოდი, რომლის ვალიდატორზე დასკანერებითაც მოიპოვებთ მგზავრობის უფლებას. QR კოდის სკანერის ამოქმედებას სამომავლოდ ვაპირებთ. რაც შეეხება მობილურ აპლიკაციას, მისი ჩამოტვირთვისა და მასში რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება როგორც მგზავრობის სფასურის გადახდა, ისე მგზავრობის დაგეგმვა. აპლიკაცია მომხმარებელს მაქსიმალურად მოქნილ მარშრუტებს შესთავაზებს, რაც განსაკუთრებით წაადგებათ დედაქალაქის სტუმრებს. აპლიკაცია იმუშავებს როგორც IOS-ის, ისე Android-ის სისტემაზე. მისიბალანსის შევსება ქუჩაში განთავსებული თვითმომსახურების ტერმინალებზე იქნება შესაძლებელი.