უკან Unipay-ს ისტორია

UNIPAY - კომპანია, რომელიც ელექტრონული საფულის საშუალებით მომხმარებელს უნივერსალური და ერთიანი ანგარიშსწორების სისტემას სთავაზობს. ელექტრონული საფულის მეშვეობით შესაძლებელია მსხვილი ბიზნესისა თუ ფიზიკური პირების თანხების ტრანზაქციების მართვა (მიღება/გაგზავნა), ონლაინ შოპინგი ან ვაჭრობა, ნებისმიერი სერვისის საფასურის გადახდა - „უნიფეის“ ელექტრონული საფულე ამ ოპერაციების განხორციელებისთვის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალებაა.

ვესაუბრებით კომპანია „უნიფეის“ დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, კობა ქურდაძეს:

როდის დაარსდა კომპანია ?

ჯერ კიდევ 2009 წელს დავიწყეთ ელექტრონული საფულისა და ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიების შემუშავება, თუმცა მხოლოდ მონახაზის დონეზე, ვინაიდან იმ დროისათვის საქართველოში ელექტრონულ საფულეზე ლაპარაკიც კი არ იყო დაწყებული. ჩვენ გვესმოდა, რომ ეს უახლოესი მომავლის პერსპექტივა იყო და მოვლენების დაჩქარებას არ ვცდილობდით. ოფიციალურად, „უნიფეი“ 2011 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო 2012 წლიდან უკვე ეროვნული ბანკისგან მივიღეთ სალიცენზიო სტატუსი და საშულება მოგვეცა ელექტრონული ფულით ოპერირება დაგვეწყო.

რომელი სეგმენტი დაინტერესდა თავდაპირველად თქვენი მომსახურებით ?

დასაწყისისთვის ყველაზე მეტად ჩვენი სერვისით აზარტული თამაშების და ტელეკომუნიკაციების სეგმენტი დაინტერესდა. „გემბლერების“ სეგმენტს დღესაც დიდი წილი აქვს „უნიფეის“ ელექტრონული საფულის მომხმარებელთა შორის. თავდაპირველად ელექტრონული ფულის მიმართ ნდობა არ იყო მაღალი და სპეციალურად ამ სეგმენტისთვის გავხსენით ფილიალები, სადაც ფულის ხელზე განაღდება და ყველა იმ პროცედურის განხორციელება იყო შესაძლებელი, რომელიც ონლაინ რეჟიმში ხორციელდებოდა. ფილიალები დღემდე მუშაობს და მათი რაოდენობა 21-ს აღწევს. ეს სალაროები საქართველოში პირველი მოდელი იყო, რომელიც არცერთ ბანკს არ ეკუთვნოდა და მომხმარებლისთვის ნეიტრალურ, დაცულ, კონფიდენციალურ და სანდო რგოლს წარმოადგენდა.

მეორე სეგმენტი იყო მცირე ფინანსური ორგანიზაციები. ისინი ბაზარზე 2015 წლიდან აქტიურად გამოჩნდნენ და მომხმარებელს სწრაფი სესხების გაცემას სთავაზობდნენ. ამ ორგანიზაციებისთვის ჩვენი სერვისები იდეალური აღმოჩნდა: მყისიერი ოპერირება, მარტივი ინტეგრაცია, თანხების სწრაფი მოძრაობა, უსაფრთხო ტრანზაქციები და ა. შ. „გემბლინგის“ შემდგომ, ეს უკვე მეორე მსხვილი სეგმენტი იყო, რომელიც მოვიცავით.

ონლაინ ვაჭრობა როდიდან გახდა აქტუალური ქართულ ბაზარზე ?

როგორც აღვნიშნე, ჯერ კიდევ 2009 წელს დავიწყეთ ელექტრონულ კომერციაზე ფიქრი, ხოლო სასტარტო პროგრამა 2012 წელს ავამუშავეთ და 80-მდე კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. ეს „ამაზონის“ მსგავსი ონლაინ მაღაზიის პირველი მცდელობა იყო საქართველოს ბაზარზე. ვერ ვიტყვით, რომ მცდელობამ გაამართლა, თუმცა ამის მოლოდინი არც გვქონია და ეს უფრო საცდელ ვერსიას ჰგავდა... მახსოვს, გაყიდვები იმდენად მცირე იყო, რომ პირველი ონლაინ გაყიდვის შემთხვევა დამამახსოვრდა: ეს იყო მომღერალ თამთა ცხვიტავას დისკი, რომელიც მომხმარებელმა გამოიწერა. ნიშანდობლივია ისიც, რომ საკურიერო სისტემა იდეალურად იყო გამართული და პარტნიორი სერვისპროვაიდერის კურიერები ყველა საჭირო ტექნოლოგიით იყვნენ აღჭურვილნი. ცხადია, ამ პროცესის განვითარებას არ მოვეშვით, ვინაიდან ზუსტად ვიცოდით, რომ უახლოეს მომავალში ის უკვე ძალიან მოთხოვნადი გახდებოდა. 2014 წლისთვის ამ სერვისის თითქმის ყველა დეტალი დახვეწილი იყო და 2015 წლის შემდეგ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დავიწყეთ. დღეს 18 საერთაშორისო პლატფორმაში ვართ გაერთიანებული, მათ შორის, საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ მსხვილ ორგანიზაციებს, როგორიცაა: Shopify და Wix, BigCommerce, Wordpress, Magento.

UniPAY- ფულადი გადარიცხვების ალტერნატიული , სწრაფი , მოხერხებული და მოქნილი სისტემა აქვს . გვიამბეთ ამ სერვისის შესახებ .

2018 წელს საკმაოდ ბევრი პროექტი წარვადგინეთ ბაზარზე, პირველად დავნერგეთ საქართველოში QR PAY გადახდები, შევქმენით ონლაინ გადახდების პლაგინები, რაც მთავარია, სტარტაპერებისთვის შევქმენით ონლაინ მაღაზიის შექმნის სწრაფი და იაფი გადაწყვეტილება UniSHOP.ge, რითაც შეუძლიათ მომენტალურად შექმნან მაღაზია ფეისბუქზე, აღრიცხონ პროდუქცია და მიიღონ გაყიდვები. აუცილებლად გამოვყოფდი UniPAY SEPA-ს სისტემას, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქე ევროპის ქვეყნებში ფულის ტრანზაქციისას ისეთივე პირობებით სარგებლობს, როგორითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ეს სისტემა საფულის მომხმარებლებს SEPA ანგარიშებით უზრუნველყოფს, რაც საშუალებას აძლევს მათ, მარტივად მიიღოთ თანხა ევროში სეპას 34 წევრი ქვეყნიდან. 2018 წელს, აგრეთვე, ჩავერთეთ Ripple Net-ის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს სისტემაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს ტრანზაქციებს გაცილებით უფრო მარტივად, სწრაფად და იაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა. „უნიფეი“ არის ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც გლობალური ქსელის ერთ-ერთი პირველი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა და წვლილს შეიტანს საერთაშორისო გადარიცხვების ალტერნატიული ჰაბის განვითარებაში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. პროექტის განვითარება დღესაც მიმდინარეობს და უკვე შევძელით და დავიწყეთ გადარიცხვები აზიის და ევროპის ქვეყნებში.

ელექტრონული საფულე არა მხოლოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის ფინანსურ ურთიერთობას ამარტივებს , არამედ ბიზნესის ონლაინ მართვის სისტემას და ონლაინ შოპინგსაც .

დიახ. ჩვენთან დარეგისტირებისას საშუალება გეძლევათ გახდეთ ელექტრონული კომერციის სისტემის წევრი და გაიმარტივოთ როგორც შესყიდვის, ისე გაყიდვის ოპერაციები. ჩვენს პროგრამაში სრული ტექნიკური გადაწყვეტაა გაერთიანებული, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ძალიან ამარტივებს. მარტივად მიიღებთ გადახდებს ვიზა, მასტერქარდის და ამექს ბარათებიდან, ნაკლები ტექნიკური ძალისხმევით შეძლებთ გადახდების პლაგინების ინტეგრაციას თქვენთვის სასურველ შოპინგკალათაში, ნებისმიერ დროს გაზრდით ან განავითარებთ პროექტს როგორც ტექნიკური გადაწყვეტებით, ისე ფინანსური მართვის ხელსაწყოებით.

2019 წლის გეგმები გაგვიზიარეთ, თუ შეიძლება...

ადრე ჩვენ ვქმნიდით მომავლის პროდუქტს, რომელზეც ბაზარი არ გვპასუხობდა. ახლა ვითარება შეცვლილია და შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური ტექნოლოგიების ბუმია. ამ მხრივ საბანკო სექტორიც ძალიან გააქტიურებულია და მაქსიმალურად ცდილობს ამ მიმართულებების დანერგვას და პოპულარიზაციას. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება, რაც უფრო მეტად განვითარების სტიმულს იძლევა. არ იქნება გადაჭარბებული თუკი ვიტყვი, რომ „უნიფეი“ ევროპულ კომპანიებს არ ჩამორჩება და, შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ევროპულ ბაზარზე შესვლის ამბიციაც გვაქვს.