უკან რა არის MVP?

წარმოიდგინეთ, რომ საქორწილო ტორტის გამოცხობა გინდათ, თუმცა წარმოდგენა არ გაქვთ, როგორი უნდა იყოს ის. თქვენ ფლობთ ზედმეტად ბევრ ზედაპირულ და მწირ ინფორმაციას იმისათვის, რომ ცხობა დაიწყოთ. არ იცით, რა სურსათია საჭირო, როგორი უნდა იყოს ტორტი, მისი სტრუქტურა, ფერი და ა. შ.

როგორ უნდა გავარკვიოთ, რა სურს მომხმარებელს და როგორ შევთავაზოთ მას იდეალური ტორტი? თავდაპირველად გამოვაცხოთ პატარა კექსი. ის მარტივი მოსამზადებელია, თუმცა ყველა იმ კომპონენტს შეიცავს, რომელიც ტორტის გამოცხობისას დაგვჭირდება. მომხმარებელს ჯერ კექსს შევთავაზებთ და მხოლოდ შემდეგ შევუდგებით ტორტის ცხობას. ეს კექსი არის ჩვენი საქორწილო ტორტის MVP.

ტერმინი MVP(Minimum Viable Product –( მინიმალური პრაქტიკული პროდუქტი) ფართოდ გამოიყენება პროდუქტის განვითარების სფეროში და ის 2001 წელს ფრენკ რობინსონმა (დღეს SyncDev-ის გენერალური დირექტორი) Agile Product Development-ის საქმიანობის დასაწყისის დროს შექმნა. მას შემდეგ ამ ცნების პოპულარიზაციას ინდუსტრიაში ისეთმა ავტორებმა შეუწყვეს ხელი, როგორებიც არიან: სტივ ბლენკი, მარტი კეგენი და ერიკ რისი. შედეგად, ტერმინი მოდურად იქცა და, როგორც მოდურ ტერმინებს ახასიათებს, მას ხშირად არასწორად განმარტავენ და იყენებენ.

MVP-ს ძირითადი კონცეფცია მარტივია - ეს არის მცირე სამუშაო, რომლის შესრულება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბაზარზე რაიმე ღირებული შექმნათ. MVP უნდა გამოიყენოთ იმისათვის,რომ დაამტკიცოთ (ან უარყოთ) თქვენი ვარაუდის სისწორე და შეამციროთ შესაძლო რისკები. მისი გამოყენება შეიძლება მომხმარებლებთან დაკავშირებული სპეციფიკური ჰიპოთეზების შესამოწმებლად. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კომპონენტებისა და სამუშაოს დამატებით MVP-ს არსს შორდებით და მისგან განსხვავებულ გზას ირჩევთ.

MVP ნიშნავს მინიმალურს

MVP-ს ყველაზე მეტად სიტყვა „მინიმალური“ შეესაბამება - რაც ამ შემთხვევაში, ჰიპოთეზის შემოწმების ან პრობლემის გადაჭრის პროცესში, მინიმალური სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. ამის მიღწევა ხანდახან რთულია, რადგან პროდუქტის განვითარების პროცესში MVP-ში ჩართვის მსურველი ბევრია, ხოლო პროცესიდან გათიშვისა - ნაკლები.

პროდუქტის მენეჯერმა მკაცრად უნდა დააწესოს საზღვრები, უარი თქვას ყველაფერ ზედმეტზე და პროდუქტის გუნდი MVP-ს შექმნაზე მიმართოს.

სტატიის ავტორმა MVP-ს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი Qoura-ზე ამოიკითხა და ეს იყო ჰიპოთეზური დიალოგი Dropbox-ის პროდუქტის მენეჯერთან: საქაღალდეში საბუთების მოთავსება და მათი სინქრონიზაცია „ღრუბელთან“ -სულ ეს არის Dropbox-ი. რომელიმე სტეიკჰოლდერი, სავარაუდოდ, ჰკითხავდა Dropbox-ის პროდუქტის მენეჯერს მომხმარებლის უფლებების თაობაზე, თუმცა მენეჯერი უპასუხებდა, რომ Dropbox-ს ეს არ ეხება. იგი ანალოგიურად უპასუხებდა შეკითხვას საქაღალდის სინქრონიზაციის შესახებ. სწორედ ეს სჭირდება MVP-ს -პრინციპულობა, გამოიყენო ზუსტად იმდენი feature, რამდენიც საჭიროა და არ შეეხო არაფერ ზედმეტს. სწორედ ასეთი მიდგომის გამო გახდა Dropbox-იწარმატებული იმ ბაზარზე, რომლის ათვისება ძალიან რთული იყო.

MVP სიცოცხლისუნარიანია

მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ პროდუქტში არაფერია ზედმეტი, უნდა შევამოწმოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა. პროდუქტი უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს რეალური პრობლემის გადაჭრაში და მომხმარებლებისთვის სარგებლობა მოჰქონდეს.

თუკი თქვენი MVP რამდენიმე საათში წყვეტს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, მისი ინტერფეისი კი იმდენად მწირია, რომ მომხმარებელი ინტუიციურადაც ვერ ხვდება, თუ როგორ გამოიყენოს ის; ან კიდევ თქვენს MVP-ს ერთდროულად ვერ იყენებს 5 ადამიანი მაინც - მას სიცოცხლის უნარი არ გააჩნია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება, მომხმარებლის გამოცდილება და მასშტაბირებადობა (scalability) MVP-სთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები და აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია. შესაბამისად, ეს რგოლები არ შედის იმ სიაში, რომელიც უნდა „მოიკვეთოს“ MVP-ს შექმნისას.

MVP - პროდუქტია

MVP აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე მნიშვნელოვან პრობლემებს გადაჭრის და შემოსავლის რეალური წყარო გახდება. თუკი შექმნით MVP-ს, რომელიც ადამიანთა არასაკმარის რაოდენობას შეესაბამება, ანდა რომელშიც ფულს არავინ გადაიხდის, მაშინ თქვენ დაკავებული ხართ ქველმოქმედებით და არა პროდუქტის შექმნით.

გახსოვდეთ, რომ მომხმარებელი არ არის ყოველთვის პროდუქტის მყიდველი. Facebook-ი მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებს რეკლამის გაყიდვით, მაშინ როდესაც მისი მომხმარებლები სერვისით უფასოდ სარგებლობენ. თქვენ დაგჭირდებათ გეგმა და კონცეფცია იმისათვის, რომ დანამდვილებით იცოდეთ, ვინ არის თქვენი პროდუქტის მომხმარებელი და მტკიცებულება, რომ ეს გზა სწორია.

წყარო: https://theindex.generalassemb.ly/a-beginners-guide-to-minimum-viable-products-mvps-9ca67fd5c930