რჩევები ფინტექ კომპანიებისთვის
რჩევები ფინტექ კომპანიებისთვის
რიჩარდ დეივისი, რომელმაც Revolut-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან Allica Bank-ის გენერალურ დირექტორამდე გაიარა საკუთარი კარიერული გზა, გვიზიარებს პირად გამოცდილებასა და დაკვირვებას ფინტექ ინდუსტრიის გარშემო.
იგი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აკვირდება ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას და გვიზიარებს იმ ძირითად გაკვეთილებს, რაც მომავალში დაეხმარება ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს წარმატების მიღწევაში.




1. უნარები


უნარები — ყველაფერია. კარგი დაპროექტების, იდეალური დიზაინის, გაყიდვებისა და ურთიერთობების, ასევე რისკების ეფექტიანი მართვის არსი ადამიანებშია თავმოყრილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიაში ნიჭიერი, აქტიური და მოტივირებული თანამშრომლების მაღალი კონცეტრირება.
სხვადასხვა ნიჭის აღმოჩენა ორგანიზაციაში წარმატების ერთ-ერთი კომპონენტია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ასეთ სურათს ის ხედავდა ისეთ ფინტექ სტარტაპებში, როგორებიცაა Penta და Revolut, სადაც ადამიანების ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები ნამდვილად შთამბეჭდავია.


პერსონალის აყვანის პროცესში აუცილებელია მკაფიოდ იყოს განსაზღვრული თუ რა უნარები დასჭირდება კანდიდატს ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად. ძალიან ხშირად ეს შეუძლებელი ხდება იმის გამო, რომ გასაუბრებისთვის შედგენილი კითხვარი არასწორადაა სტრუქტურირებული და აქვს მაქსიმალური მოთხოვნები. "ამაზონს" თანამშრომლების კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად ჰყავს სპეციალური გუნდი, რომელიც კანდიდატებს შორის ყველაზე კარგი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების აღმოჩენითაა დაკავებული.
თანამშრომლის ფსიქომეტრია და მის პოზიციასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების წარმატებულობა აუცილებელია კანდიდატის ოფიციალური შერჩევისთვის. მაგალითისთვის, Revolut-ში მოსული კანდიდატები ე.წ საშინაო დავალების სახით ასრულებენ მონაცემების ანალიზს, რაც კომპანიაში ანალიტიკური უნარების გამოვლენის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.


ნიჭიერი კადრების აყვანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და ამისთვის საჭიროა:
  • ორგანიზაციის მკაფიო მიზანი, რომლის რწმენაც აქვთ ადამიანებს. (პასუხი კითხვაზე: რატომ?);
  • ორგანიზაციის მოქნილი სტრუქტურა, რომელიც თანამშრომლებს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იმუშაონ;
  • კონსტრუქციულ შენიშვნებთან ერთად წარმატების რეგულარული აღნიშვნა, პოზიტიური განწყობის გასაძლიერებლად;
  • ერთობლივი ღირებულებების დამკვიდრება.


2. მოქნილი ორგანიზაცია, ტექნოლოგიური პლატფორმების მხარდაჭერით


მომხმარებლების მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მუშაობის მოდელი ეფუძნება ფუნქციურ ჯგუფებს შორის მოვალეობების შეთანხმებულ გადანაწილებას, რაც, საბოლოო ჯამში, კომერციული წარმატების მომტანი იქნება. აქედან გამომდინარე, მთელი ორგანიზაციის მუშაობა აგებული უნდა იყოს პროდუქტის ირგვლივ, ხოლო პროდუქტის მფლობელები, ერთჯერადი პროექტების შესრულების ნაცვლად, მუდმივად უნდა მართავდნენ ყველა მთავარ გარე თუ შიდა სერვისებს.


მაგალითისთვის, პროცესების ავტომატიზაციაზე მომუშავე გუნდი უნდა ფლობდეს პროცესებთან მუშაობის გამოცდილებას და ჰქონდეს პროექტირების შესაბამისი უნარები. ამასთანავე, ეს გუნდი კარგად უნდა ერკვეოდეს მონაცემების დამუშავებაში.
ორგანიზაციაში, ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია მუშაობის ტემპის, ინტენსივობისა და ავტონომიურობის დაბალანსება.
მოქნილი ორგანიზაციების მსგავსად, კვარტლურად სამუშაო პროცესის ტემპის გადასინჯვა მთელი ორგანიზაციისთვის სასარგებლო იქნება. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ყოველ კვირას, ან ორ კვირაში ერთხელ ერთგვარი სპრინტები მოაწყოთ და მიმოიხილოთ იტერაციაზე გათვლილი პროგრესი.

მასშტაბირებული და მოქნილი სამუშაო პროცესი საჭიროებს ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენებას, მათ შორის მოდულების არქიტექტურას, CI/CD ტესტირებას, ინტეგრაციის ტესტირების შესაძლებლობასა და განახლების უკან გამოწვევის პროცესს. სხვა შემთხვევაში განახლებების უკონტროლო სიხშირემ, შესაძლოა, უბრალოდ დიდი დისკომფორტი შექმნას.
უამრავი თანამშრომელი ცდილობს ცვლილებების გაშვების შეკავებას მსხვილ განახლებებამდე, რომლებიც ყოველთვიურად ან ყოველკვარტლურად გამოდის და რომელშიც ასობით ცვლილებაა გაერთიანებული. მიუხედავად იმისა, რომ განახლების პროცესის მართვასა და ტესტირებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ასობით ცვლილებასა და დეველოპმენტის გარემოებებს შორის არსებული განსხვავებები და განახლების მომზადება რელიზისთვის აუცილებლად იწვევს რეგულარულ პრობლემებს.
უმჯობესია განახლება ხდებოდეს ყოველდღიურად, მცირე განახლებების სახით, რადგან ამ დროს ბევრად მარტივად არის შესაძლებელი ხარვეზის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, რაც სწრაფად გვარდება განახლების ავტომატიზირებული უკუგამოწვევის მექანიზმით და მასშტაბურ შეფერხებას გამორიცხავს.

3. გქონდეს წინასწარ გათვლილი წარმოდგენა ქმედების მეორე და მესამეხარისხოვან შედეგებზე


ხშირად იტერაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია საუკეთესი გადაწყვეტამდე მისასვლელად — როგორც წესი, შეუძლებელია დაგეგმო რამე სრულყოფილად, რის გამოც აქ მთავარია შედეგი და არა ვარაუდები (ანალიზის პარალიზება), რაც არის კულტურის მნიშვნელოვანი მახასიათებელი. საყურადღებოა მეორე და მესამე ხარისხის შედეგი, რომელიც საჭიროებს გადახედვას, რათა გამოირიცხოს მცდარი გადაწყვეტილების გავლენა შემდგომში.


ამაზონის "ცალმხრივი კარი ორმხრივი კარის წინააღმდეგ" კონცეფცია ზუსტად ამაზე მიუთითებს — გადაწყვეტების უმეტესობა ორმხრივი და ბრუნვადია, რაც წინასწარ გათვლილ ქმედების იტერაციას ბოლომდე ოპტიმალურს ხდის. ხოლო კარი, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად იღება უფრო მეტ გააზრებასა და უფრო საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შეცდომის გავლენა პროდუქტის ქვედა რგოლებზე. განსხვავება კონცეპტუალურად უფრო გასაგებია, თუმცა რთულად აღსაქმელი რეალობაში.

4. გულახდილობა, როგორც გასაღები


ხშირად ადამიანებსა და კომპანიებს უჭირთ სრული სიმართლის მიღება. არადა, სიმართლე საჭიროა საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად და მისი მიღების შემდგომ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ერთსულოვნების შესანარჩუნებლად.
ეს კარგად ჩანს ამაზონის ხელმძღვანელობის პრინციპში: "ლიდერი ვალდებულია პატივისცემით მოისმინოს და დააფიქსიროს საპირისპირო მოსაზრება მაშინ, როცა ის არ ეთანხმება მას, მაშინაც კი, თუ ეს უხერხულია. ლიდერებს ახასიათებთ თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. ისინი მიდიან კომპრომისზე სოციალური ერთობის გამო. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ასრულებენ თავის საქმეს".
"ეს მიდგომა ეხება როგორც ლიდერებს, ისე რიგით ადამიანებს", — განმარტავს რეი დალიო, — "რამდენად აძლევთ საშუალებას იმას, რაც გგონიათ სიმართლე, გადაგეღობოთ ნამდვილი სიმართლის გზაზე? მაშ ასე, რა არის თქვენი ყველაზე დიდი სისუსტე? იფიქრეთ გულახდილად, თუ თქვენ შეგიძლიათ მათი იდენტიფიცირება, მაშინ თქვენ წინ უფრო სწრაფად იმოძრავებთ".


ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ შეუძლიათ გამოხატონ პირადი მოსაზრება და ისეთი ადამიანების აყვანა, ვისაც არ შეეშინდება მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა — ლიდერის ამოცანაა. იერარქია აქ არაფერ შუაშია, ადამიანები თითოეულ საფეხურზე უნდა ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობენ და რაც მიაჩნიათ, რომ უკეთესია ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის.

5. მონაცემებთან მუშაობის უნარები და ხელმისაწვდომობა


სტატიის ავტორის თქმით, Revolut-სა და ტრადიციულ ბანკებს შორის კოლოსალური განსხვავებებია. სტარტაპში მონაცემებთან მუშაობის უნარი უმთავრესი პრიორიტეტია კანდიდატის სამსახურში აყვანისას. ამ დროს, თანამშრომელთა დიდი ნაწილი თავისუფლად იყენებს SQL-ს მეტაბაზებში მოთხოვნების შესაქმნელად რეალურ დროში. ეს დიდწილად ეხმარება თანამშრომლებს სწრაფად მიაკვლიონ და მოაგვარონ პრობლემები (იქნება ეს მომხმარებლის პრობლემა, რისკების მართვა თუ კომერციული პრობლემა). ეს ასევე ეხმარება თანამშრომლებს ჰქონდეთ მონიტორინგის პანელი.


ეს მოცემულობა რომ შევადაროთ ტრადიციული ბანკების მიდგომას, სადაც მონაცემებზე შედარებით მცირე ზომის კონკრეტული ჯგუფები მუშაობენ, განსხვავებას მაშინვე შეამჩნევთ — თანამშრომლების დიდ ნაწილში მონაცემების დამუშავების უნარის არსებობის შემთხვევაში, პროგრესი 10-მაგად იზრდება.

6. OKR და KPI-ები


Revolut-ს მაღალი KPI-ები აქვს. ბევრი კომპანია ამ მონაცემებს კომპანიის დონეზე ინარჩუნებს, თუმცა ბევრი მათგანი ამ მონაცემებს ზემოდან ქვემოთ სისტემით აფასებს — ადგენს ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლების რაოდენობრივ ნიშნულს, რომელიც იშლება კომპანიის დონეებზე, დეპარტამენტებსა და ჯგუფებზე. აღნიშნული მაჩვენებლით უნდა შეფასდეს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია კომპანიისთვის — ფუნქციები ვებ-გვერდიდან, ჩატვირთვები, გვერდების გახსნა და აქტივაცია, ასევე ყოველდღიური/ყოველკვირეული და ყოველთვიური აქტივობა, მომხმარებლების გამოხმაურება და პროდუქტის სარგებლობის საშუალო დრო. მიზნების დასახვით თქვენ მოახდენთ შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირებას გუნდში.


აღსანიშნავია, რომ KPI მთავარი შეფასების კრიტერიუმი როდია. არსებობს ბევრი გვერდითი მოვლენა, რომლებსაც თქვენ ვერ ივარაუდებდით, რომელსაც სხვაგვარად "კობრას ეფექტსაც" უწოდებენ. ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ თანამშრომლები საერთო მაჩვენებლების ხარჯზე პირად KPI-ზე კონცენტრირდებიან. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის მართვის წილი მიმართული იყოს კომპანიის ინტერესებზე და ითვალისწინებდეს პოზიტიური ქცევის სტიმულირებას, როგორიცაა თანამშრომლობა, რისკების მართვა.

7. KRI-ები რეალურ დროში


რაც შეეხება რისკების მართვას, Revolut-დან შეგვიძლია გამოვყოთ ამ პროცესის თითქმის რეალურ დროში წარმოება. მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად მოხდეს რისკის იდენტიფიცირება და შემდეგ მისი რეალურ დროში მონიტორინგი შესაბამისი KRI-ის მაჩვენებლებით, სადაც დადგენილი იქნება კრიტიკული ნიშნულები, რითაც მოხდება ესკალაციის და შემდგომი დარღვევების პრევენცია.
ტრადიციული ორგანიზაციების უმეტესობაში რისკების ყოველთვიური შეფასება MI-ით ხდება, რომელიც 3-6 კვირიან ვადაში გადის სპეციალურ კომიტეტში — განსხვავება აქაც თვალსაჩინოა. ამისთვის Revolut-ში მოხდა ზედა დონის რისკების სისტემატიზირება და მათი კომპონენტებად დაყოფა. ამის შედეგად ხდება რისკების სისტემატიზირებული რეესტრის დადარება მიმდინარე KRI მაჩვენებლების თითოეულ პუნქტთან და რისკის უმაღლესი ნიშნულის მიღწევისთანავე ხორციელდება ავტომატიზირებული პრევენციული ზომებს — სერიოზული დარღვევების შემთხვევაში, დეტალები იგზავნება დირექტორთა საბჭოში.

8. მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხი


დიზაინის მეშვეობით კომპანიამ უნდა იზრუნოს სამომხმარებლო გამოცდილებაზე. სისწრაფე, სიმარტივე, ფუნქციური გამართულობა — ეს ყველა ის მნიშვნელოვანი მოთხოვნებია, რაც საბოლოო მომხმარებლისთვის მოსახერხებელ გარემოს ქმნის. დიზაინის შექმნა აუცილებლად უნდა ხდებოდეს ორგანიზაციის შიგნით და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება უნდა ქონდეს ყველა თანამშრომელს — ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარე კომპანიასთან შეკვეთა არც თუ ისე კარგი პრაქტიკაა. მუდმივად უნდა ხდებოდეს ინტერფეისის გაუმჯობესების განხილვა, A/B ტესტირება და სხვა.
სამომხმარებლო გამოცდილება არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვისაც, სადაც უნდა შესრულდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები — ხშირად ეს საკითხი კომპანიების უდიდეს ნაწილში უგულებელყოფილია. პროცესებისა და ინტერფეისების კარგი დიზაინი ქმნის მაღალეფექტიან სამუშაო გარემოს.

9. ავტომატიზირება უპირველეს ყოვლისა


მაღალი აქტივობის მქონე თანამშრომლებისთვის პროცესის ავტომატიზაცია მნიშვნელოვანია. ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, რომ ეფექტიანობის ზრდისთვის აიყვანოთ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლები, არამედ იმაში, რომ პროცესების ავტომატიზაციით შექმნათ ახალი სამუშაო გამოცდილება, უკეთესი შედეგების მისაღებად. დანერგეთ ავტომატიზირებული პროცესები და იზრუნეთ მათ დანერგვაზე მთელს ორგანიზაციაში.


მაგალითისთვის, Revolut-ში მომხმარებლის მხრიდან ფულის წყაროს შესახებ ინფორმაციის გამოთხოვების პროცესი სრულად ავტომატიზირებულია, რაც მომხმარებლისთვის პასუხის სწრაფად მიღებას ნიშნავს. ის, რაც გაედინება ორგანიზაციიდან, რა თქმა უნდა, მოწმდება და აღიწერება ანალიტიკოსის მიერ, თუმცა სტანდარტულ შემთხვევებში პროცესი სრულად ავტომატიზირებულია.
მონაცემებთან მუშაობის უნარები ისევე, როგორც მასშტაბირებადი პროცესების აწყობის უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გასარკვევად, თუ სად არის შესაძლებელი ავტომატიზაციის დანერგვა და სად არა. ამაზე პროდუქტების განვითარების გუნდი უნდა მუშაობდეს.

10. ხარჯების კონტროლი


მზარდ კომპანიებში ეს ასპექტი ხშირად უგულებელყოფილია, ხოლო OakNorth-ისგან ამასთან დაკავშირებით ბევრის სწავლა შეიძლება. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რიშიმ სტარტაპში ხარჯების დაზოგვის კულტურა დანერგა — შედეგად, OakNorth-მა საბანკო ოპერირების დაწყებიდან 12 თვეში იქცა ორგანიზაციად, რომლის მოგება აღემატებოდა ხარჯების მოცულობას.
როცა უცნობია სამომავლო მოგების რეალური ოდენობა და ცნობილია ჩადებული ინვესტიცია, მნიშვნელოვანია ამ თანხების დაზოგვა და ეფექტიანი მართვა. ინვესტირებულ ფულს როგორც საკუთარს, ისე უნდა პოვებყროთ. "მთავარი აგენტის" პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი KPI-ის მაღალი მაჩვენებლები ხშირად ფულის ფლანგვის ხარჯზე ხდება — ეს თანხა ძირითადად თანამშრომლების და კონსულტანტების არასაჭირო რაოდენობის აყვანაში იხარჯება.

11. ჯირა


დიახ, ახლა ცოტა უცნაურად გაიჟღერებს მაგრამ ასეა — ვისაუბროთ Jira-ზე. ეს არის მძლავრი და მარტივად ადაპტირებადი ხელსაწყო, რომლის გამოყენებაც მრავალმხრივ შეგვიძლია. მრავალი კომპანია ჯირას გარკვეული IT პროცესებისთვის იყენებს — მხარდაჭერის ბარათების გახსნა, პროექტების მართვა და სხვა. პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად ძლიერიa, რომ გაძლევთ საშუალებას თავად განსაზღვროთ სამუშაო პროცესები, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით ვითარდება. იგი გაძლევთ რეპორტინგისა და შემდგომი ქმედებების ავტომატიზირების საშუალებას.


Revolut-მა ჯირა საკუთარი საქმიანობის ყველა ასპექტში დანერგა:
  • ჯგუფი, პროგრამა და ცენტრალიზებული დაკვირვება განვითარების რუკაზე;
  • მართვა, მათ შორის დირექტორთა საბჭოს ჩართულობით, რისკების კომიტეტის გადაწყვეტილებებითა და ინციდენტების რისკების მონიტორინგი;

  • სერვისები თითოეული განყოფილებისთვის — მათი ხილვადობა და მოთხოვნების კონტროლი.


ჯირაში ნათლადაა წარმოდგენილი ის, თუ რა ამოცანებს ასრულებს კომპანია, რა პროექტი განვითარების რა ეტაპზეა — მეტრიკა, რისკების შეფასების შესაძლებლობა და ჟურნალი, სადაც ჩანს ვინ და როდის დაეთანხმა ამა თუ იმ მოთხოვნას.


წყარო: www.next.on.ge 

ბლოგის სხვა თემები