ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები მეტად წარმატებულნი არიან
ციფრულ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები მეტად წარმატებულნი არიან
ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისა და კონკურენციის გაძლიერების გამო ტრადიციული საბანკო მოდელი სწრაფად ძველდება. ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციებისთვის სამუშაო გამოცდილების პლატფორმიზაცია ერთადერთ მომგებიან სტრატეგიად იქცა, რომელიც შედეგების მაქსიმალიზაციის, მეტი მოქნილობის და პერსონალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. World Retail Banking Report 2020-ის თანახმად, პლატფორმებზე მომუშავე ბანკების საოპერაციო მოგება, საბაზრო ღირებულება და მდგრადი ზრდის მაჩვენებლები, ტრადიციულ ბანკებთან შედარებით, გაორმაგდება.
Capgemini-მ მსოფლიო სამომხმარებლო ბანკების ხელმძღვანელებს შორის ჩატარებული გამოკითხვით გაარკვია, რომ პლატფორმებზე მომუშავე ბანკები ტრადიციულ ბანკებთან შედარებით უფრო ეფექტიანად აღწევენ ბიზნესპრიორიტეტებს.
ამავე კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ პლატფორმებზე მომუშავე ბანკების შემთხვევაში ღირებულების ზრდის ახალი წყაროების მიგნება 2.2-ჯერ, ბიზნესის შემოსავლიანობის შენარჩუნება ან ზრდა 2.1-ჯერ და საოპერაციო ეფექტიანობა 1.8-ჯერ მარტივდება. ასეთი ბანკებისთვის ასევე მარტივდება ინოვაციების დანერგვა და კონცეფტის დამტკიცების, ასევე პერსონალიზირებული და განსხვავებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება.


COVID-19 როგორც ციფრული ტრანსფორმაციის აქსელერატორი


ტექნოლოგიების განვითარება და სამომხმარებლო მოთხოვნების ტრანსფორმაცია ბანკებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად პლატფორმირებულ მოდელზე გადასვლას აიძულებს. ამასთან ერთად, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც მომხმარებლები ციფრულ არხებზე გადადიან, COVID-19-ია. ბოლო კვლევის თანახმად, COVID-19-ის შედეგად მომხმარებელთა 57% ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობას ირჩევს — პანდემიამდე ეს მაჩვენებელი 49%-ს შეადგენდა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ გაუთვალისწინებელ გარემოებებში მომხმარებლები უფრო მეტად ირჩევენ bigtech და ფინტექ მომსახურებას, ხოლო მათგან 30% ამას მათი ძირითადი ბანკის არადამაკმაყოფილებელ მომსახურების დონეს უკავშირებს.

ახალი მოთამაშეები პოზიციებს იკავებენ


ამ კვლევებიდან ნათელი ხდება, რომ დამკრედიტებლებმა სწრაფ ცვლილებებზე შესაბამისი სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინონ და გამოიყენონ პლატფორმების მოდელი; ასევე, ითანამშრომლონ სხვადასხვა სერვისის გარე პროვაიდერებთან, რათა შეივსოს პროდუქტების პორტფელი, გაუმჯობესდეს მომსახურების მიწოდება და გაიზარდოს შემოსავალი.
კვლევით დასტურდება, რომ თანამშრომლობა ბანკის ციფრული წარმატების მიღწევას მნიშვნელოვნად აჩქარებს. ბანკების ხელმძღვანელების 58%-ის თქმით, ფინტექ და bigtech კომპანიებთან თანამშრომლობით ახალი პროდუქტის ჩასაშვებად წელიწადზე ნაკლები დროა საჭირო მაშინ, როცა თავად ბანკს მსგავსი ამოცანის შესასრულებლად გარე მხარდაჭერის გარეშე 1 ან 2 წელი ესაჭიროება.
39-მილიონიანი სამომხმარებლო ბაზით, კონკურენტი ბანკები და ნეობანკები უფრო სწრაფად ვითარდებიან, რითაც იქცევენ პოტენციური მომხმარებლების ყურადღებას — ეს ყველაფერი ჰიპერპერსონალიზირებული და მომხმარებლებისთვის ხელსაყრელი შეთავაზებების დამსახურებაა. ფორმალურად, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ COVID-19 ახალ მოთამაშეებს ამ ბაზარზე მეტ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა რეალობა ბევრად რთულია, განსაკუთრებით იმ სტარტაპებისთვის, რომელთა ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.

მაგალითისთვის, ლონდონში დაფუძნებულმა და ევროპაში საკმაოდ ცნობილმა სტარტაპმა Monzo-მ პანდემიის დროს დიდი დარტყმა მიიღო. ლას-ვეგასში ოფისის დახურვისა და დიდ ბრიტანეთში 300 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების შემდეგ, სტარტაპმა ივნისში დამატებით კიდე 120 თანამშრომელი დაითხოვა. ამ პერიოდში სტარტაპის ღირებულება 40%-ითაა შემცირებული.
გარდა ამისა, გასულ თვეში ფინურმა ფინტექ კომპანია Holvi-მ, რომელიც საბანკო მომსახურებას ინდივიდუალურ მოვაჭრეებსა და მცირე ბიზნესს უწევდა, განაცხადა, რომ ტოვებს ბრიტანეთის ბაზარს. ამის მიზეზად სტარტაპმა პანდემია და Brexit დაასახელა.

წყარო: www.next.on.ge 
ბლოგის სხვა თემები